ისრაელის ოპოზიციის ლიდერი - ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა რთულია, მაგრამ შესაძლებელი
ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა რთულია, მაგრამ შესაძლებელი, – ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლაპიდმა და ბლინკენმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის გადაწყვეტის აუცილებლობა განიხილეს.
„ეს არის რთული შეთანხმება. ეს არის შეთანხმება, რომელიც შეიძლება, არ მოგვწონდეს, მაგრამ მისი შესრულება აუცილებელია და ამიტომ შეთანხმება უნდა შედგეს“, – აღნიშნა ლაპიდმა.
მისი თქმით, ბაიდენი აშკარად შეშფოთებულია ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით. ლაპიდის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ისრაელიც შეშფოთებულია.
„ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დაზარალდეს ღაზაში მცხოვრები ხალხი. ჩვენ არ გვაქვს ომი ღაზაში მცხოვრებ ბავშვებთან. მეორე მხრივ, უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც ადამიანებს ფარად იყენებს“, – აღნიშნა ლაპიდმა.
მოგვიანებით, ლაპიდი ვაშინგტონში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდება.