ისრაელის ნაკრების მწვრთნელი - თბილისში ადრეც ვარ ნამყოფი, ეს საოცარი და ხალისიანი ქალაქია, მაგრამ ახლა სასტუმროდან ვერ გავედით #1TVSPORT
საქართველოსთან 26 მარტის ამხანაგურ მატჩამდე ისრაელის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, რან ბენ შიმონმა „მიხეილ მესხზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ შეხვედრასა და „ჯვაროსნების“ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„რას ვფიქრობ კვარაცხელიაზე? პირადად მე იმ ასაკში აღარ ვარ, ვინმეს ზედმეტი აღტაცებით ვუყურებდე. მაგრამ უმაღლესი დონის მოთამაშეა, ძალიან საშიში. თუმცა საქართველოს გუნდში სხვა გამორჩეული ფეხბურთელებიც არიან. ჩვენ კი არა ერთი მოთამაშის წინააღმდეგ, არამედ ეროვნულ ნაკრებთან მატჩისთვის ვემზადებით. რთული შეხვედრა გველის კარგ ფორმაში მყოფ გუნდთან, რომელსაც ემოციური გულშემატკივრები ჰყავს.
ისრაელს ადრეც უთამაშია საქართველოში. თბილისში მეც ვარ ნამყოფი, როდესაც კვიპროსის გუნდს ვავარჯიშობდი. ეს საოცარი, ხალისიანი და განვითარებადი ქალაქია. სამწუხაროდ, ახლა ქალაქი მხოლოდ ფანჯრიდან დავინახეთ, რადგან ორი დღით ჩამოვედით და გარეთ ვერ გავედით.
ყველამ ვიცით არსებული ვითარების შესახებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ვითამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური მატჩია, ჩვენ გვესმის საქართველოსთან თამაშის მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ, თავშესაფრებში რამდენი ადამიანი უყურებს ეროვნული ნაკრების მატჩს. გვინდა, გავიმარჯვოთ და ეს ადამიანები გავახაროთ“.