ისრაელის მთავრობაში აშშ-ის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების კანონიერად აღიარებას მიესალმებიან
ისრაელის მთავრობაში აშშ-ის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების კანონიერად აღიარებას მიესალმებიან

ისტორიული შეცდომის გამოსწორება – ასე შეაფასეს ისრაელის მთავრობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლების კანონიერად აღიარება.

„დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ისტორიული შეცდომის გამოსწორებაა. ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად უარყო ცრუ მტკიცება იმის შესახებ, რომ ეს დასახლება არაკანონიერია“, – განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში.

მაიკ პომპეოს გაცხადებას გამოეხმაურა ნეთანიაჰუს ოპონენტი ბენი განცი.

„მე ტაშს ვუკრავ აშშ-ის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მყარი პოზიცია ისრაელთან მიმართებაში“, – განაცხადა განცმა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლების კანონიერად აღიარებას გამოეხმაურნენ პალესტინაშიც. პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ორგანიზაცია „პალესტინის გათავისუფლების“ ლიდერ საიბ ერეკატის თქმით, ამ ნაბიჯით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმის დემონსტრირებას ახდენს, თუ რა დონეზე უქმნის საფრთხეს მსოფლიოს, მუდმივი მცდელობით შეცვალოს საერთაშორისო სამართალი ჯუნგლების კანონით.