ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში საერთაშორისო ძალების განთავსების სამართლებრივი ზომები დაამტკიცა

12:49, 27.07.2026
ღაზის სექტორში „ჰამასთან“ მიმდინარე ბრძოლებისა და, პარალელურად, „ჰეზბოლასთან“ მზარდი დაძაბულობის ფონზე, ისრაელის სამხედროები ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე წვრთნებს გადიან. 2023 წლის 9 ნოემბერი

ღაზის სექტორში „ჰამასთან“ მიმდინარე ბრძოლებისა და, პარალელურად, „ჰეზბოლასთან“ მზარდი დაძაბულობის ფონზე, ისრაელის სამხედროები ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე წვრთნებს გადიან. 2023 წლის 9 ნოემბერი

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების (ISF) განთავსებისთვის აუცილებელი ძირითადი სამართლებრივი ზომები დაამტკიცა. საერთაშორისო ძალები იმ ტერიტორიებზე იმოქმედებენ, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების („ცახალი“) კონტროლს არ ექვემდებარება. კონფლიქტის დარეგულირების ეს ეტაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ნაწილია.

 

ეს ინფორმაცია 26 ივლისს გამოცემა The Times of Israel-მა გაავრცელა.

უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ISF-ს იმუნიტეტი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული ისრაელის კანონმდებლობის სტანდარტების მიხედვით მიენიჭება. ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს ძალები „ცახალთან“ „სრულ კოორდინაციაში“ იმ ტერიტორიებზე იმოქმედებენ, რომლებიც ისრაელის კონტროლის მიღმაა.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ძალების დაუყოვნებლივ განთავსებას არ ნიშნავს – ISF-ის თითოეული ქვედანაყოფის შესვლას ცალკ-ცალკე დაამტკიცებენ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი და საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი.

ისრაელი ასევე თავად განსაზღვრავს, რომელი ქვეყნები შეძლებენ ღაზის სექტორში პერსონალის გაგზავნას. ოფიციალური პირის თქმით, მონაწილეობა მხოლოდ იმ სახელმწიფოებს შეეძლებათ, რომლებსაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება აქვთ გაფორმებული და საერთაშორისო ფორუმებზე ისრაელისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ არ მოქმედებენ. ამ პირობის გამო, ინდონეზია, მისიაში, სავარაუდოდ, ვერ ჩაერთვება, რადგან ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. ეს ქვეყანას ადრე დაახლოებით 8 000 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა, შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო, ეს წინადადება უკან გაიწვია.

„ამ ეტაპზე, საერთაშორისო ძალები მეგობარი ქვეყნებიდან, მათ შორის უგანდიდან და მაროკოდან, დაახლოებით 200 სამხედრო მოსამსახურით დაკომპლექტდება“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ისრაელი ამტკიცებს, რომ „ცახალი“ შეინარჩუნებს კონტროლს ე.წ. „ყვითელ ხაზზე“, სადაც მისი ძალები 2025 წლის ოქტომბერში განლაგდნენ და აქედან უკან დახევა არ მოხდება მანამ, სანამ „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება და ღაზის სექტორი დემილიტარიზებული არ გახდება.

ამჟამად ისრაელი ღაზის სექტორის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებს, ხოლო თითქმის ორი მილიონი მცხოვრები იძულებულია, ანკლავის შემცირებულ არეალში იცხოვროს. კაბინეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტის წინა დღეს მიიღო.

რა არის ცნობილი ღაზის სექტორში არსებული ვითარების შესახებ

2023 წლის 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, რამდენიმე საზღვრისპირა დასახლება დაიკავა და ათობით ადამიანი მძევლად აიყვანა. საპასუხოდ, ისრაელმა მებრძოლების წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. პალესტინის ანკლავში სამხედრო მოქმედებებმა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი და ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

2025 წლის 13 ოქტომბერს, შარმ ელ-შეიხში გამართულ სამიტზე, აშშ-ის, კატარის, თურქეთისა და ეგვიპტის ლიდერებმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში ფართომასშტაბიანი გაცვლა განხორციელდა: „ჰამასმა“ გაათავისუფლა 20 ცოცხლად დარჩენილი ისრაელელი მძევალი და მოწინააღმდეგე მხარეს დაღუპულთა ცხედრები გადასცა, ხოლო ისრაელმა თითქმის 2 000 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

თუმცა, მხარეებს შორის ზავი, ურთიერთბრალდებების ფონზე, უკვე 19 ოქტომბერს დაირღვა. 28 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორზე „ძლიერი დარტყმების“ განხორციელების ბრძანება გასცა.

საომარი მოქმედებების განახლების ფონზე, 17 ნოემბერს ნეთანიაჰუმ ღაზის დემილიტარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

2025 წლის 20 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ღაზაში მალე ახალი მმართველი ორგანო შეიქმნება, მისი შემადგენლობა საერთაშორისო საბჭოსა და პალესტინელი ტექნოკრატების ჯგუფისგან დაკომპლექტდება, მოგვიანებით კი რეგიონში საერთაშორისო სამხედრო ძალებიც განთავსდებიან.

2026 წლის 14 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ღაზის სექტორში კონფლიქტის დასრულების ამერიკული გეგმის მეორე ეტაპის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.

9 მარტს, სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის გეგმის განხორციელებაზე მოლაპარაკებები შეჩერდა, რადგან 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

15 ივნისს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედროები სამხრეთ ლიბანში, სირიასა და ღაზის სექტორში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩებიან.

 

სტატიის ავტორი: დანილო ოსტროვერხოვ-ნოვიცკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ჯალა მარეი, სააინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 27 ივლისი, 2026 წელი, 03:52 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი