ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა

22:49, 27.06.2026

ისრაელმა ლიბანთან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ სამხრეთ ლიბანში დრონით თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო პირი, რომელიც მათი ძალებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ.

ამასთან, „სიენენი“ იტყობინება, რომ ლიბანზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ქალაქ ნაბათიე ალ-ფაუკაზე განხორციელდა.

დარტყმის შემდეგ, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა, რომლის წარმომადგენლებიც მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უარყო და ლიბანის მთავრობა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში დაადანაშაულა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე დაპირისპირების დაწყებიდან, ისრაელის თავდასხმებს ლიბანში, სულ მცირე, 4 192 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 600-ზე მეტი დაშავდა. ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.

მსგავსი