ისრაელის მედია – ღაზის სექტორში საკოორდინაციო ცენტრის რეფორმა იგეგმება, საქართველო და ვიეტნამი ღაზაში ჯარების გაგზავნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ისრაელის სამხრეთით, ქალაქ კირიათ-გათში არსებული სამოქალაქო-სამხედრო საკოორდინაციო ცენტრი რეფორმას გაივლის, რაც მის ოპერატიულობას გაზრდის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოსთან კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
ისრაელის მედიის ცნობით, სამოქალაქო-სამხედრო საკოორდინაციო ცენტრი სამხრეთ ისრაელში გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა, ღაზაში მიმდინარე ომის დასასრულებელი გეგმის ფარგლებში.
ცენტრის ამოცანა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი იყო, ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშეწყობა და ღაზის სექტორის ომის შემდგომი პოლიტიკის შემუშავება.
მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცენტრის ახალი სახელი „ღაზის საერთაშორისო დახმარების ცენტრი“ იქნება, ხოლო საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს დაეკისრება სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარდამავალ, ომის შემდგომ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარები ტერიტორიიდან გავლენ და დაჯგუფება „ჰამასი“ განიარაღდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემცირდება იმ ქვეყნებისა და წარმომადგენლების რაოდენობაც, რომლებიც ღაზის მომავალთან დაკავშირებულ მაღალი დონის მოლაპარაკებებში არიან ჩართული.
„თაიმ ოფ ისრაელის“ ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და ვიეტნამთან საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში ჯარების გაგზავნის საკითხზე. როგორც მედია წერს, ამ შემთხვევაში საქართველო შეუერთდება საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებმაც ჯარების გაგზავნაზე თანხმობა უკვე განაცხადეს.
ამასთან, როგორც ისრაელის მედია აღნიშნავს, საქართველოდან და ვიეტნამიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.