ისრაელის ხელისუფლება აშშ-ს სთავაზობს, პალესტინელებისთვის საკონსულო იერუსალიმის ნაცვლად დასავლეთ სანაპიროზე გახსნას
ისრაელის ხელისუფლება აშშ-ს სთავაზობს, პალესტინელებისთვის საკონსულო იერუსალიმის ნაცვლად დასავლეთ სანაპიროზე გახსნას

ისრაელის ხელისუფლება აშშ-ს სთავაზობს, პალესტინელებისთვის საკონსულო იერუსალიმის ნაცვლად, დასავლეთ სანაპიროზე გახსნას.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-მა იერუსალიმში პალესტინელებისთვის მომუშავე საკონსულო დახურა და პერსონალი ისრაელში აშშ-ის საელჩოში გადაიყვანა, რომელიც 2018 წელს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავიდა.

პალესტინელებთან ურთიერთობების აღდგენის მიზნით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იერუსალიმში პალესტინელებისთვის აშშ-ის საკონსულოს ხელახლა გახსნის, თუმცა დიპლომატიური მისიის მუშაობის აღდგენის თარიღი არ დაზუსტებულა.

„ჩემი პოზიცია, რომელიც ამერიკელებს წარვუდგინე, არის ის, რომ იერუსალიში არ არის ადგილი აშშ-ის საკონსულოსთვის, რომელიც პალესტინელებს ემსახურება. ჩვენ ჩვენს მოსაზრებას მუდმივად, მშვიდად, დრამის გარეშე გამოვთქვამთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი გამოვიდ აინიციატივით, რომ აშშ-მა თავისი საკონსულო დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში გახსნას, სადაც პალესტინის ადმინისტრაციაა განთავსებული.

„აშშ-ს თუ სურს, გახსნას საკონსულო რამალაში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

თუმცა, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასის პრესსპიკერი აცხადებს, რომ პალესტინური მხარისთვის მისაღებია აშშ-ის საკონსულოს გახსნა მხოლოდ იერუსალიმში, რომლის აღმოსავლეთ ნაწილს პალესტინელები მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ.

თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლებასაც იერუსალიმი თავის დედაქალაქად აქვს გამოცხადებული. იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინელებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.