ისრაელის ფინანსთა მინისტრი - დრო მოვიდა, ისრაელის სუვერენიტეტი დასავლეთ სანაპიროზე გავრცელდეს
ისრაელის ფინანსთა მინისტრი - დრო მოვიდა, ისრაელის სუვერენიტეტი დასავლეთ სანაპიროზე გავრცელდეს

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ისრაელის სუვერენიტეტი დასავლეთ სანაპიროზე უნდა გავრცელდეს.

„მოვიდა დრო, ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდეს იუდეაზე და სამარიაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს დღის წესრიგიდან ჩვენი პატარა მიწის დაყოფისა და მის ცენტრში ტერორისტული სახელმწიფოს დაფუძნების იდეა“, – განაცხადა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, სმოტრიჩმა აღნიშნა, რომ მას არ სურს, ისრაელის სუვერენიტეტი ამ ტერიტორიის მცხოვრებლებზე გავრცელდეს.

„არ გვაქვს სურვილი, ჩვენი სუვერენიტეტი გავავრცელოთ მოსახლეობაზე, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს. მტრებს უნდა შეებრძოლო, კომფორტში კი არ უნდა აცხოვრო. ამიტომ სუვერენიტეტის გავრცელების მთავარი პრინციპია სლოგანი: მაქსიმალური ტერიტორია, მინიმალური მოსახლეობა. კარგად გააცნობიერეთ ეს“, – განაცხადა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თელ ავივი ისრაელის სუვერენიტეტის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გავრცელებას საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საპასუხოდ განიხილავს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში ფინანსთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.