ისრაელის ერთ-ერთ მუზეუმში ჯვარზე გაკრული „მაკდონალდსის“ კლოუნის ფიგურამ არაბი ქრისტიანების უკმაყოფილება გამოიწვია
ისრაელის ერთ-ერთ მუზეუმში ჯვარზე გაკრული „მაკდონალდსის“ კლოუნის ფიგურამ არაბი ქრისტიანების უკმაყოფილება გამოიწვია

ისრაელის ერთ-ერთ მუზეუმში ჯვარზე გაკრული „მაკდონალდსის“ კლოუნის ფიგურამ არაბი ქრისტიანების უკმაყოფილება გამოიწვია.

ექსპონატი ნაწილია გამოფენისა სახელწოდებით „წმინდა პროდუქტები“. როგორც ფიგურის ავტორი ფინელი მხატვარი იან ლეინონენი ამბობს, ის ამ ფორმით ცდილობდა, გამოეხატა თავის დამოკიდებულება თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაში გავრცელებული დამოკიდებულებების მიმართ.

ნამუშევრის სახელწოდებაა მაკ-იესო. ქალაქ ჰაიფას მუზეუმში გამოფენილ ექსპონატს ქრისტიანმა არაბებმა რელიგიის შეურაცხყოფა უწოდეს და მისი ჩამოხსნა აქციით მოითხოვეს. ზოგიერთმა აქტივისტმა მუზეუმის შტურმით აღებაც სცადა. დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც.

ფიგურის აღება მოითხოვა ისრაელის კულტურის სამინისტრომ და ნამუშევრის ავტორმაც, თუმცა მუზეუმის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს დაუშვებელია. მისი თქმით, თუ ასეთი პრეცედენტი შეიქმნება, შესაძლოა, საფრთხე სხვა გამოფენებსაც დაემუქროს. ამ ეტაპზე, ჯვარცმული კლოუნის ფიგურას დროებით ფარდა ჩამოაფარეს.