ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ
ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული კვოტა შესაძლოა, გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ კვოტირება საქართველოს ათასი მოქალაქით. ვიმედოვნებთ, რომ თუ ეს მიზანი წარმატებით და შეუფერხებლად იქნება მიღწეული, შესაძლოა, განვიხილოთ კვოტის გაზრდის საკითხი. ეს არის მთელი რიგი პროექტები და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ლიმიტირებული კვოტით დაწყება“, – განაცხადა რან გიდორმა.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყო და 24 საათში 760 მოქალაქე დარეგისტრირდა.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმებას ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმება ითვალისწინებს. ისრაელის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ერთი წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია საქართველოს 1 000-მდე მოქალაქის ლეგალურად დასაქმება.