ისრაელის საელჩოში დამოუკიდებლობის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული გადი მოზესიც ესწრება
ისრაელის საელჩოში ისრაელის დამოუკიდებლობის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული გადი მოზესიც ესწრება.
როგორც ღონისძიებაზე საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა აღნიშნა, ამ განსაკუთრებულმა მომენტმა კიდევ ერთხელ აგრძნობინა ერებს შორის არსებული ღრმა კავშირი, რომელიც არა მხოლოდ დიპლომატიით, არამედ ადამიანური ურთიერთობებით არის გამყარებული.
„წელს ზეიმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ზუსტად ერთი წლის წინ, ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში გადი მოზესის შვილებთან ერთად იმედით ველოდით და არ ვკარგავდით რწმენას, რომ გადი „ჰამასის“ ტყვეობიდან დაბრუნდებოდა. აი, დღეს, გადი ჩვენთან ერთადაა, თავისუფალი, სიცოცხლით სავსე – თავის ქართველ მეგობრებთან ერთად. ამ განსაკუთრებულმა მომენტმა კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა ჩვენს ერებს შორის არსებული ღრმა კავშირი, რომელიც არა მხოლოდ დიპლომატიით, არამედ ადამიანური ურთიერთობებით არის გამყარებული. გადი არა მხოლოდ ერთ-ერთი გადარჩენილთაგანია, ის ნამდვილი შემოქმედია. ათწლეულების განმავლობაში ის მუშაობდა ქართველ ფერმერებთან ერთად, ეხმარებოდა მეურნეობის განვითარებაში და დატოვა მეგობრობისა და თანამშრომლობის მდიდარი მემკვიდრეობა. დღეს, როცა თავისუფლებას ვზეიმობთ, გვახსოვს, რომ 58 მძევალი ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაშია. ჩვენ ერთიანად ვდგავართ მშვიდობისთვის, სამართლიანობისთვის და თითოეული მათგანის დაბრუნებისთვის. დამოუკიდებლობის დღეს მადლიერნი ვართ, რომ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს, ავაშენოთ უკეთესი მომავალი“, – განაცხადა მეიცადმა.
როგორც ელჩმა მეიცადმა აღნიშნა, არასდროს უნდა დაკარგონ თავისუფლების, ადამიანის სულის, ერებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის რწმენა.