ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტი ადასტურებს, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნაში პროგრესს მიაღწია
ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტი ადასტურებს, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნაში პროგრესს მიაღწია. ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
კერძოდ, როგორც მედიასაშუალება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე დაყრდნობით წერს, მეცნიერებმა გამოავლინეს ანტისხეული, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატის შემუშავებაში. თუმცა, ბიოლოგიური ლაბორატორიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მედიკამენტების შექმნამდე მათ ჯერ კიდევ თვეები აშორებს. მისი ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დაწყებულა.
ისრაელის ლაბორატორიის წარმომადგენელთა თქმით, ახალი აღმოჩენა გამოუსადეგარია ვაქცინის შემუშავებაში, თუმცა არის მედიკამენტური მკურნალობისკენ გადადგმული ნაბიჯი.
როგორც მედიასაშუალება წერს, მსოფლიოში მრავალმა სამეცნიერო ინსტიტუტმა აღმოაჩინა ანტისხეული, რომელსაც შეუძლია, „კოვიდ-19“-ის ვირუსის განადგურება, თუმცა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ მათ მსოფლიოში პირველებმა გადალახეს სამი ძირითადი ეტაპი – აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელიც ანადგურებს ვირუსს; მოქმედებს მიზანმიმართულად კონკრეტულად კორონავირუსის წინააღმდეგ; ეს არის მონოკლონური ანტისხეული, რომელიც პაციენტებში დამატებით გართულებებს არ გამოიწვევს.
ნეს-ციონაში მდებარე ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის განცხადებით, ორგანიზაცია აღმოჩენის დაპატენტებაზე მუშაობს.
„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, თუმცა წინ მოდის რთული ტესტირება და მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცება“, – ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომავალ ეტაპზე მკვლევრები მიმართავენ საერთაშორისო კომპანიებს ანტისხეულის კომერციული წარმოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 4 მაისს ჰოლანდიურმა ინსტიტუტმაც განაცხადა, რომ მისმა მეცნიერებმა შეძლეს მონოკლონური ანტისხეული გამოყოფა, რომელსაც „კოვიდ-19“-ის ვირუსის განეიტრალება შეუძლია.