ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ქალაქ ღაზაში მდებარე ბოლო მოქმედი ჰოსპიტლის ნაწილი განადგურდა
ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ქალაქ ღაზაში მდებარე ბოლო მოქმედი ჰოსპიტლის ნაწილი განადგურდა

ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ქალაქ ღაზაში მდებარე ბოლო მოქმედი ჰოსპიტლის ნაწილი განადგურებულია. როგორც ტელეკომპანია „ბიბისი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, საავიაციო დარტყმის შედეგად საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და ქირურგიის განყოფილება განადგურდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ხანძარი, რომელიც რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ ორსართულიან შენობაში გაჩნდა. კადრებში ჩანს, რომ დარტყმის დროს პაციენტების ნაწილი საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე იყო „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი.

ღაზის საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა, ჰოსპიტლის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის განცხადებით, იერიშისას განხორციელებული ევაკუაციის დროს დაიღუპა ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში მანამდე მიიყვანეს თავის ტრავმით.