ისრაელის ავიაიერიშებს ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ სამი წევრი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
ისრაელის ავიაიერიშებს ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ სამი წევრი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელის ავიაიერიშებს ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ სამი წევრი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ლიბანური შიიტური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური ალი მუჰამად ალ-დებესი.

გავრცელებული ცნობით, ის პასუხისმგებელი იყო „ჰეზბოლას“ჯგუფში პალესტინის საქმეებზე.

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად „ჰეზბოლას“ 199 წევრი მოკლეს.

„ჰეზბოლას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი საფასურს გადაიხდის, სულ მცირე, ათი ადამიანის მკვლელობისთვის, რომელთა შორის ხუთი ბავშვია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანის სამხრეთში დაიბომბა „ჰეზბოლას“ ათობით სამიზნე, მათ შორის რაკეტების გამშვები პოზიციები, შენობები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ამბობს, რომ სამხედროებმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევები ერთი დონით გააძლიერეს, რაც ნიშნავს, რომ „საჰაერო ძალების თვითმფრინავებს, რომლებიც ამჟამად ლიბანის ცაში დაფრინავენ, უფრო მძიმე ბომბები აქვთ უფრო შორეული სამიზნეებისთვის“.