„ალჯაზირა“ - ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, დღეს ღაზაში 26 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
„ალჯაზირა“ - ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, დღეს ღაზაში 26 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა

ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, დღეს ღაზაში 26 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას „ალჯაზირაავრცელებს. ეს გასული კვირის განმავლობაში გამწვავებული კონფლიქტის ფონზე, ყველაზე მასშტაბური მსხვერპლია. საბრძოლო მოქმედებები უკვე მეშვიდე დღეა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვმა 170-ს გადააჭარბა. მათ შორის 41 ბავშვია.

გამთენიისას, ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერ იეჰია სინვარისა და მისი ძმის სახლებიც დაბომბა.

ისრაელის მხარეს დანაკარგი ათს შეადგენს, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ღაზადან თელ ავივისა და სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერშევას მიმართულებით, ღამით ათეულობით რაკეტები გაუშვეს. ათი ადამიანი თავშესაფარში გაქცევის დროს დაშავდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა განაგრძობს სრული ძალით მოქმედებას და გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას.

რეგიონში იმყოფებიან აშშ-ის, გაეროსა და ეგვიპტის წარმომადგენლები, რომლებიც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. დღეს გამწვავებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე დაგეგმილია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა.