ისრაელიდან სომხეთში – ლევან კუტალია „ალაშკერტმა“ წარადგინა #1TVSPORT
ისრაელის ჩემპიონატში გატარებული სამი წლის შემდეგ ლევან კუტალია კარიერას სომხეთის „ალაშკერტში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ლევან კუტალია „ალაშკერტს“ შეუერთდა. გამოცდილი თავდამსხმელი საქართველოს სამგზის ჩემპიონია, 2019 წელს კი 20 გოლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა“, – ასე წარდგინა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი.
კუტალიას, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, უცხოეთში თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს, გამოდიოდა ბოსნიურ „ზრინსკსა“ და „სლავიაში“, ყაზახურ „ირტიშში“.
„ალაშკერტის“ ახალწვეულს კარიერაში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 2019 წელს „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ქართველი თავდამსხმელი 2020 წლიდან ისრაელში თამაშობდა – ჯერ თელ ავივის „ჰაპოელში“ ჩაირიცხა, საიდანაც უმ ალ-ფამის „ჰაპოელში“ გადავიდა. ბოლოს ისრაელის პრემიერლიგის „სეკცია ნეს ციონაში“ გამოდიოდა, სადაც 24 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი ჩემპიონატში გაიტანა, ორი კი – ისრაელის თასის მატჩებში.
„ალაშკერტში“ კიდე ერთი ქართველი ნახევარმცველი დავით ხურციძე თამაშობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქუთაისის „ტორპედოში“ კუტალიას თანაგუნდელი იყო.
13 ივლისს „ალაშკერტი“ კონფერენსლიგის პირველ სავალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროულ ტივატის „არსენალს“ უმასპინძლებს, ხოლო 20-ში სტუმრად ეთამაშება.