ისრაელი პირველი ივნისიდან შეკრებებზე დაწესებულ ყველა შეზღუდვას ხსნის
ისრაელი პირველი ივნისიდან შეკრებებზე დაწესებულ ყველა შეზღუდვას ხსნის

პირველი ივნისიდან ისრაელი მოხსნის შეკრებებზე დაწესებულ ყველა შეზღუდვას, რომელიც „კოვიდ-19“-თან არის დაკავშირებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალი რეგულაციის თანახმად, ისრაელი აღარ შეზღუდავს გარკვეულ ადგილებში მოქალაქეების შესვლას, რაც მანამდე ნებადართული იყო მხოლოდ „კოვიდ-19“-ზე აცრილი ადამიანებისთვის. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმა აღნიშნა, რომ შენობებში ნიღბების ტარების მოთხოვნა დარჩება მინიმუმ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.

პირველი ივნისის შემდეგ ისრაელის მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთები სხვადასხვა ადგილას შესასვლელად. მაღაზიებში, რესტორნებსა და სხვა ადგილებში კი ნებისმიერი მასშტაბის შეკრებები იქნება შესაძლებელი.

ამ დროისთვის ისრაელში „კოვიდ-19“-ის 510 აქტიური შემთხვევაა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 5.1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკვე მიიღო ვაქცინის ორივე დოზა, ხოლო 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების 92 პროცენტი სრულად არის აცრილი. ისრაელში ეკონომიკის დიდი ნაწილი სრულად არის გახსნილი.