ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს, ქვეყანამ ასევე დაასახელა იმ ბრიტანელი პირების ვინაობა, რომლებსაც ისრაელში შესვლა აეკრძალათ
ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ავრცელებს.
ისრაელის საგარეო უწყებამ, ასევე, თემთა პალატის 11 დეპუტატსა და ერთ ადვოკატს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. The Times of Israel-ის ცნობით, გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიერ დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის საპასუხოდ იქნა მიღებული.
მედიის ინფორმაციით, ისრაელში შესვლას „მწვანეთა პარტიის“ ხუთი, მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ ოთხი და „შენი პარტიის“ ორი დეპუტატი ვეღარ შეძლებს. ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ადვოკატ ფაჰად ანსარის.
გამოცემის ცნობით, ის დიდი ბრიტანეთის სასამართლოში “ჰამასის” პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენდა.
როგორც მედია წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრძალვების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შესვლას ის პირები ვეღარ შეძლებენ, ვინც „ანტისემიტურ და ისრაელის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან ჩართულნი, ასევე ისინი, ვინც უარყოფენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას“.
ცნობისთვის, საელჩოს დახურვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედ მილიბანდის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის მთავრობა ეთანხმება, რომ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკურ წმენდას ადგილობრივი ტერორისტები ახორციელებენ, ხოლო ამაზე ისრაელის მთავრობა თვალს ხუჭავს.