ისრაელი ჰაერში რაკეტების აღმომჩენი გიგანტური აეროსტატის გაშვებას გეგმავს
ისრაელი ჰაერში რაკეტების აღმომჩენი გიგანტური აეროსტატის გაშვებას გეგმავს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიგანტური აეროსტატი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იქნება გაშვებული და რაკეტების აღმომჩენი სისტემით, Sky Dew-ით აღიჭურვება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სისტემას შორი მანძილის რაკეტების, საკრუიზო რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მაღალ სიმაღლეზე დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს.
ისრაელის აეროკოსმოსური ინდუსტრიის დირექტორის, ბოაზ ლევის თქმით, Sky Dew-ის სისტემა იძლევა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ და ოპერაციულ უპირატესობას საფრთხის ადრეული და ზუსტი აღმოჩენისთვის. ასევე ის აღჭურვილი იქნება მაღალი ხარისხის კამერით, რაც გაზრდის მიმდებარე პერიმეტრის თვალთვალის შესაძლებლობებს.
Sky Dew აეროსტატი შეიქმნა ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ორგანიზაციისა და აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს ერთობლივი მუშაობით. ბოლო თვეებში სისტემამ საბოლოო ტესტირება გაიარა და ამჟამად მზად არის ქვეყნის ჩრდილოეთის განთავსებისთვის.
ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების უფროსის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ქვეყანას უფრო ზუსტი და ფართო საჰაერო სათვალთვალო სურათის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს.