ისრაელი ეცდება, „ჰეზბოლას“ საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართოს
ისრაელი ეცდება, „ჰეზბოლას“ საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართოს

ისრაელი ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ საკითხის განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ეცდება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის პრემიერის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციაში ისრაელის დელეგატებს შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ გვირაბები ირანის პირდაპირი მხარდაჭერით არის აშენებული.

„საზღვარზე არსებული ტერორისტული გვირაბები „ჰეზბოლამ“ ირანის პირდაპირი დაკვეთით და დაფინანსებით ააშენა. ისინი მხოლოდ ერთი მიზნისთვის, უდანაშაულო ისრაელელ კაცებზე, ქალებსა და ბავშვებზე თავდასხმისთვის შეიქმნა. ეს ისრაელის სუვერენიტეტის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევაა“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს უკვე ესაუბრა. უახლოეს მომავალში კი „ჰეზბოლას“ ქმედებებს სხვა ლიდერებთან განიხილავს. მათ შორის იქნება გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ლიბანის საზღვართან, ლიბანური შიიტური ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ გვირაბების განადგურების მიზნით ოპერაცია „ჩრდილოეთის ფარი“ დაიწყო.