ისრაელელი ექსპერტები საქართველოს წარმატებაზე წერენ - კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ორ კვირაში ცხადდება მკაცრი კარანტინი, დარღვევაზე წესდება ჯარიმა, ხალხი ექიმ გამყრელიძის რჩევებს ემორჩილება
ისრაელელი ექსპერტები საქართველოს წარმატებაზე წერენ - კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ორ კვირაში ცხადდება მკაცრი კარანტინი, დარღვევაზე წესდება ჯარიმა, ხალხი ექიმ გამყრელიძის რჩევებს ემორჩილება

ისრაელის კორონავირუსის შესახებ ეროვნულმა საინფორმაციო ცენტრმა ანალიტიკური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ბძოლის წარმატებასა და ამ წარმატების მთავარ ფაქტორებზეა საუბარი.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მაისის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსის სტაბილურად დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება – დღეში 15 შემთხვევაზე ნაკლები.

ევროკავშირი ამ მონაცემებს საიმედოდ მიიჩნევს, საქართველოს შემთხვევაში არ ეჭვობენ დაავადების სტატისტიკის ფალსიფიკაციასა და მანიპულაციებში. ანგარიში აღნიშნულია, რომ სწორედ ამიტომ საქართველო მოხვდა ევროკავშირის მიერ შედგენილ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომლის მოქალაქეებსთვისაც შენგენის ზონა ღიაა.

ეროვნული საინფორმაციო ცენტრი განმარტავს, რომ ივნისის დასაწყისში, საქართველოს მთავრობა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ისრაელთან, თუმცა 10 ივნისს ეს მოლაპარაკებები, ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შეჩერდა.

ამ ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად ისრაელელი ანალიტიკოსები, ხელსაყრელი გეოგრაფიული ფაქტორების გარდა, საქართველოს სამაგალითო ანტიეპიდემიურ პოლიტიკას ასახელებენ.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის დასაწყისში მართვა გადაეცა ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომლის ხელმძღავნელიც ამირან გამყრელიძეა.

„აღნიშნულმა უწყებამ იმოქმედა სწრაფად და მტკიცედ. კარანტინის მკაცრი რეჟიმი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ორ კვირაში გამოცხადდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სრულად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა სკოლები, გასართობი ცენტრები და ყველა კომერციული დაწესებულება, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ რეჟიმში ქვეყანამ ორი თვის განმავლობაში იცხოვრა, კარანტინის წესების დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმები, ხალხი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნდობით, ექიმ გამყრელიძის რჩევებს ემორჩილება.

„საზღვრები სრულად დაიხურა და აღმოცენებული კერების აღმოფხვრა მოხერხდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პანდემიის არც ერთ ეტაპზე არ გადატვირთულა. მას შემდეგ, რაც დაავადების მასშტაბი შემცირდა უსაფრთხო დონემდე, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ტესტირების მასშტაბი არ შეუმცირებია, არამედ აგრძელებს მის გაფართოვებას.

ზაფხულის დასაწყისში საქართველოში დღეში დაახლოებით 4 500 ტესტი ტარდებოდა (რაც ისრაელის მასშტაბზე 13 000 ტესტს ნიშავს) ზაფხულის დასასრულისთვის კი ექიმი გამყრელიძიე პირობას დებს, რომ დღეში 6-8 ათასი ტესტი ჩატარდება“, – ნათქვამია ისრაელის კორონავირუსის შესახებ ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მოხსენებაში.

ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს წარმატება რეგიონის სხვა ქვეყნების წარუმატებლობის ფონზე განსაკუთრებით გამორჩეულია.