ისრაელ კაცი – ღაზის სექტორში „ჰამასის“ მაღალი რანგის ტერორისტი დავაკავეთ, ჩვენი პოლიტიკაა, რომ ხელს ვუშლით ტერორისტებს და ვანადგურებთ მათ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას

01:58, 02.09.2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მაღალი რანგის წევრი დააკავეს.

„ცოტა ხნის წინ „ჰამასის“ მაღალი რანგის ტერორისტი დავაკავეთ. ეს ჩვენი პოლიტიკაა: ჩვენ საფრთხეებს არ ველოდებით. ამის ნაცვლად, ხელს ვუშლით ტერორისტებს, მათ მოქმედებებს და ვანადგურებთ მათ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა კაცმა.

მისივე თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორში უსაფრთხოების ზონა შექმნა.

„ჩვენ ღაზაში ძლიერი და უპრეცედენტო უსაფრთხოების ზონა შევქმენით, რათა დავიცვათ ისრაელის მოქალაქეები და ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროები. სექტორის ტერიტორიის თითქმის 70 პროცენტი განადგურებულია და იქ აღარ ცხოვრობენ ადამიანები, აღარ არსებობს გვირაბები და სახლები. ისრაელის თავდაცვის ძალები ამ ტერიტორიას აკონტროლებენ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელ კაცმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორს მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე „ჰამასი“ არ განიარაღდება და სექტორი დემილიტარიზებული არ გახდება.

„ჩვენ ღაზას არ დავტოვებთ, ვიდრე სექტორი არ იქნება დემილიტარიზებული, „ჰამასი“ არ იქნება განიარაღებული და ყველა ტერორისტული გვირაბი არ იქნება განადგურებული. ამის შემდეგაც კი ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში თავდაცვით ხაზებზე დარჩებიან და დასახლებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია.

მსგავსი