ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირებს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით ბრალი წარედგინათ.

როგორც დაკავებულების ადვოკატი, დიანა მარტიაშვილი აცხადებს, გარდაცვლილი და ბრალდებულები უახლოესი მეგობრები იყვნენ. ადვოკატის თქმით, მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, იძულება, მუქარა ან ქრთამის შეთავაზება არ მომხდარა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ისინი ამ ხელისუფლების მძევლები არიან. ორივე ბრალდებული, როგორც ხუსკივაძე, ისე კობალაძე და განსაკუთრებით კობალაძე, გარდაცვლილის მეგობრები არიან. კობალაძე გობეჯიშვილის ბავშვობის მეგობარია. გარდაცვალებამდე გობეჯიშვილი თავისი ინიციატივით ავიდა ღამის ორ საათზე არაფხიზელ მდგომარეობაში კობალაძესთან. გობეჯიშვილს მეუღლე ინტენსიურად ურეკავდა, ის კობალაძესთან იყო სახლში დილის რვა საათამდე და მისი მეუღლის განწყობასაც კარგად აღიქვამდა, იქ თუ რამე დაძაბული საუბარი იქნებოდა, მისი ცოლიც მიხვდებოდა. აქეთ სთავაზობდა გობეჯიშვილი, წავიდეთ ახლა გავაგრძელოთ ქეიფი სხვა მეგობრებთანო. კობალაძე გობეჯიშვილს ხშირად ურეკავდა, მივიდა თუ არა სახლში, ვინაიდან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. უკვე დილის ცხრა საათზე, თვად გობეჯიშვილმა დაურეკა კობალაძეს, სახლში ვარ ძმაო და მშვიდად იყავიო. 12:00 საათზე კი შეიტყვეს, რომ თედო გობეჯიშვილი გარდაცვლილი იყო“, – განაცხადა დიანა მარტიაშვილმა.

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი