ისლანდიის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, გაერთიანდნენ და თანაგრძნობა გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც ვულკანის ამოფრქვევის გამო საკუთარ სახლებში ყოფნას ვერ ახერხებს
ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტმა ისლანდიელებს მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ და თანაგრძნობა გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც საკუთარ სახლებში ყოფნას მომხდარის გამო ვერ ახერხებენ.
„მოხდა ის, რასაც ყველა ვიმედოვნებდით, რომ არ მოხდებოდა. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა გუდნი იოჰანესონმა.
ამასთან, ისლანდიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ, რომლებმაც თავშესაფრები შესთავაზეს ადამიანებს და რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.
მანამდე ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შავი დღეა მთელი ისლანდიისთვის. „მაგრამ მზე კვლავ ამოვა“, – აღნიშნა ისლანდიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. მედიის ცნობით, ქალაქში ევაკუაცია ვულკანის ამოფრქვევამდე განხორციელდა.