ისლანდიის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, „ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმში ჩარევისგან თავი შეიკავონ“

13:19, 27.07.2026

ისლანდიის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმში ჩარევისგან.

„დამოუკიდებლობის“ პარტიის ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, გუდრუნ ჰაფსტეინსდოტირმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 29 აგვისტოს დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგი მხოლოდ ისლანდიელებმა უნდა განსაზღვრონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოში ეს გადაწყვეტილება თავად ისლანდიელმა ხალხმა მიიღოს. სხვებმა უბრალოდ ისლანდიელებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, ეს პროცესი უცხოური გავლენის გარეშე გაიარონ“, – განაცხადა ჰაფსტეინსდოტირმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ეკონომიკა ან პოლიტიკა არ არის – ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ეროვნულ იდენტობას.

„დამოუკიდებლობა ისლანდიელებისთვის ემოციური საკითხია. 1 200-წლიანი ისტორიის განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ, დაახლოებით 100 წელია, ვართ. ჩემი გზავნილი ბრიუსელისადმი ასეთია: ისლანდია ევროკავშირის ახლო მეგობარია და ძლიერი თანამშრომლობა გვინდა, მაგრამ მეგობრობა წევრობას არ ნიშნავს. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს იმას, რომ ისლანდია კავშირის გარეთაც შეიძლება იყოს საიმედო ევროპელი პარტნიორი“, – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.

29 აგვისტოს რეფერენდუმზე მოქალაქეები გადაწყვეტენ, უნდა განახლდეს თუ არა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. თუმცა, ეს არ იქნება კენჭისყრა თავად ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, საბოლოო შეთანხმებას მეორე რეფერენდუმი დასჭირდება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მოლაპარაკებების განახლების საკითხზე საზოგადოების აზრი თითქმის თანაბრად არის გაყოფილი, თუმცა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის იდეას მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ არ უჭერს მხარს.

„თითქმის თანაბარია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც გამოკითხვებში „დიახს“ და „არას“ აფიქსირებენ. ეს ძალიან დაძაბული რეფერენდუმი იქნება“, – აღნიშნა ჰაფსტეინსდოტირმა.

რეფერენდუმი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტრუნ ფროსტადოტირის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა.

ცნობისთვის, ბოლო თვეებში ევროკავშირის არაერთმა მაღალჩინოსანმა დადებითად შეაფასა ისლანდიისა და ევროკავშირის მოლაპარაკებების შესაძლო განახლება. ევროპარლამენტარი ვალერი აიერი ივნისში ისლანდიაში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა გაამარტივოს.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ისლანდია ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ევროკავშირი მზად იქნება, ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ რეიკიავიკს მოლაპარაკებების განახლებით „დასაკარგი არაფერი აქვს“.

ისლანდია მჭიდროდ არის ინტეგრირებული ევროკავშირთან ევროპის ეკონომიკური სივრცისა (EEA) და შენგენის ზონის მეშვეობით, ხოლო მისი საგარეო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირზე მოდის. ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2009 წელს, მძიმე ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიტანა, თუმცა 2013 წელს მოლაპარაკებები შეაჩერა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგა და ბრიუსელთან თევზჭერის უფლებებზე უთანხმოება წარმოიშვა.

„დამოუკიდებლობის“ პარტია, რომელსაც პარლამენტში 63-დან 14 მანდატი აქვს, მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან არსებული ურთიერთობა ქვეყანას თანამშრომლობის ყველა მთავარ სარგებელს აძლევს წევრობის ვალდებულებების გარეშე.

„ჩვენი ადგილი მსოფლიოში ნათელია – ჩვენ ევროპული დემოკრატია ვართ. რეფერენდუმის საკითხი არ არის, უნდა ითანამშრომლოს თუ არა ისლანდიამ ევროპასთან, რადგან ამას უკვე ყოველდღიურად ვაკეთებთ“, – აცხადებს ისლანდიის ოპოზიციური პარტიის ლიდერი.

ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტია, რომ წევრობის შემთხვევაში ქვეყანამ, შესაძლოა, დაკარგოს კონტროლი თევზჭერის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

„საკითხი მდგომარეობს იმაში, უნდა გადასცეს თუ არა ისლანდიამ თევზჭერის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი გადაწყვეტილებები ევროკავშირს. მიმაჩნია, რომ ეს ისლანდიის ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა ისლანდიის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა.

„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ისლანდიაში ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების საკითხზე დებატები გამწვავდა არქტიკაში უსაფრთხოების საკითხების ფონზე. გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებმა, როდესაც მან გრენლანდია რამდენჯერმე შეცდომით „ისლანდიად“ მოიხსენია, ახალი დისკუსია გამოიწვია იმის შესახებ, როგორ უნდა დაიცვან მცირე არქტიკულმა სახელმწიფოებმა საკუთარი ინტერესები უფრო ძლიერ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში.

ევროკავშირთან დაახლოების მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ისლანდიის ევროკავშირში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის აუცილებლობას აჩვენებს. ჰაფსტეინსდოტირის აზრით კი, პირიქით, ეს ადასტურებს, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ალიანსები, მაგრამ არა ეროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლების დათმობის ფასად.

ისლანდიას მუდმივი არმია არ ჰყავს და ქვეყნის უსაფრთხოება ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ მხოლოდ ერთ ომში ვიბრძოდით – ე.წ. ვირთევზას ომებში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ჰაფსტეინსდოტირმა.

ეს კომენტარი ეხება 1970-იან წლებში თევზჭერის უფლებებზე დაპირისპირებას, რომელიც საბოლოოდ ისლანდიის სასარგებლოდ დასრულდა.

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და პატარა სახელმწიფოს ძლიერი ალიანსები სჭირდება. ამავე დროს, უნდა შეგვეძლოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ჩვენს გარემოებებს შეესაბამება“, – განაცხადა ჰაფსტეინსდოტირმა.

მსგავსი