„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელი - სიონისტური რეჟიმის დამხობა დღის წესრიგში რჩება
სიონისტური რეჟიმის დამხობა დღის წესრიგში რჩება, – ამის შესახებ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ირანის ძალა არცერთ შემთხვევაში არ დასუსტებულა. ჰოსეინ სალამის განცხადებით, რეგიონში წინააღმდეგობამ თვითკმარობას მიაღწია.
ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა „ყასემ სოლეიმანის გადამწყვეტი როლი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების განადგურებაში“ და განაცხადა, რომ იმ პერიოდში ამერიკის გეგმა ისლამური სამყაროს წინააღმდეგ ჩაიშალა.