ISIS-ის წევრები შესაძლოა, ჰააგაში გაასამართლონ

12:23, 10.02.2018

თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს ორ წევრს, გაერთიანებული სამეფოს ყოფილ მოქალაქეებს, ალექსანდ კოუთისა და ელ შაფი ელშეიხს ჰააგაში გაასამართლებენ, შემდეგ კი სასჯელის მოსახდელად გუანტანამოს ციხეში გააგზავნიან. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. დაეშის რიგებში სისასტიკით განთქმულ ექსტრემისტებს ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს, იგივე დაეშის წევრი ორი ექსტრემისტი სირიაში ქურთმა მებრძოლებმა ორი დღის წინ დააპატიმრეს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჯიჰადისტების გასამართლება საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. შესაძლოა, მათი ექსტრადირება სირიიდან პირდაპირ შეერთებულ შტატებში განხორციელდეს, სადაც ორივე მათგანს კუბაზე მდებარე გუანტანამოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსებენ.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ექსტრემისტების იდენტიფიცირება გაერთიანებული სამეფოს სპეცსამსახურმა სამი წლი წინ ISIS-ის პროპაგანდისტული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ მოახდინა. კადრებში ლონდონელი რეპერი მუჰამედ ემვაზი, ალექსანდ კოუთი და ელ შაფი ელშეიხი ტყვეებს სიკვდილით სჯიდნენ. ტყვეების უმრავლესობა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და იაპონიის მოქალაქეები იყვნენ.

„ჯიჰადი ჯონად“ წოდებული მუჰამედ ემვაზი 2016 წლის ნოემბერში რაყაში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშს ემსხვერპლა. ISIS-ის ყოფილი ტყვეები ბრიტანეთის მოქალაქე ჯალათებზე საზარელ ფაქტებს ჰყვებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ მძევლებისადმი განსაკუთრებული სისასტიკით ელშეიხი გამოირჩეოდა. მან არაერთი ქრისტიანი ტყვე ჯვარზე გააკრა.

მსგავსი