ISIS-ის ფორმებში გამოწყობილმა ირანელმა მსახიობებმა სავაჭრო ცენტრში პანიკა გამოიწვიეს [ვიდეო]

ირანელი მსახიობების ჯგუფი პრომო აქციისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების ფორმაში გამოეწყვნენ და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მივიდნენ. ამ ფორმით ისინი ახალი ფილმის რეკლამირებას აპირებდნენ. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

კინოსურათის მთავრი გმირი სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად ჩასული მამაა, რომელიც ტერორისტების ტყვეობაში აღმოჩნდება.

პრომო აქციის დროს მსახიობები თავდაპირველად სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებთან ფოტოებს იღებდნენ, შემდეგ კი გადაწყვიტეს ეხუმრათ და მაღაზიებში სათამაშო თოფებით და ხმლებით შეცვივდნენ.

ერთ-ერთი მსახიობი “ისლამური სახელწმიფოს“ ერთ-ერთ მეთაურს ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) განასახიერებდა. მათ თან ბუტაფორიული ბომბები ჰქონდათ და „ალაჰუ აქბარსგაყვიროდნენ. ერთ-ერთი ცხენზეც კი იყო ამხედრებული.

მსახიობების ხუმრობამ მომხმარებელთა ნაწილში პანიკა გამოიწვია. მათ სავაჭრო ცენტრიდან გაქცევით უშველეს თავს. მოგვიანებით ფილმის რეჟისორმა და მსახიობებმა მოქალქეებს ბოდიში მოუხადეს.

შეგახსენებთ,„ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში თავდასხმა შარშან მოაწყო. 2017 წლის ივნისში ტერორისტები პარლამენტს და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმს დაესხნენ თავს. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა.