ის იყო ხალხის სიხარული - ქართული ფეხბურთის ლეგენდა, დავით ყიფიანი 71 წლის გახდებოდა #1TVSPORT
დღეს, 18 ივნისს, დავით ყიფიანი 71 წლის გახდებოდა. თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდა ისტორიაში.
დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს თბილისში დაიბადა. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, თბილისის „დინამოში“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. იყო პერიოდი, „დინამოში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა და დროებით ისევ „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.
მაგრამ მოთამაშე, რომელზეც თქვეს, რომ „ამისგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა“, საბოლოოდ ისტორიაში კახი კავსაძის ცნობილი სიტყვებით შევიდა – „ის იყო ხალხის სიხარული“.
ნიჭიერი მოთამაშე ისევ „დინამოში“ მიიწვიეს, პოზიცია შეუცვალეს და 26 წლის ასაკში დაიწყო ისტორია მოთამაშის, რომელმაც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სახელი დატოვა. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში – 19 მატჩი, 7 გოლი; ევროტურნირებზე – 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981). 1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.
დავით ყიფიანი კარიერის შემდეგ ავარჯიშებდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივს“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“, ქუთაისის „ტორპედოს“, იაროსლავლის „შინიკს“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით „დინამო“ (1990, 95, 96, 97) და „ტორპედო“ (2000, 01) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო „დინამომ“ (1995, 96, 97) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.
ქართული ფეხბურთის ლეგენდა 2001 წლის 17 სექტემბერს, 50 წლის ასაკში ავტოავარიაში გარდაიცვალა. 2011 წლის 17 მაისს, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – დავით ყიფიანს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. დავით ყიფიანის სახელობისაა საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.