ირმა ზავრადაშვილი – ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებს.
ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის.
„ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა დიალოგის წარმოება ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ძალიან მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებისას ვისაუბრებთ როგორც ჩვენს საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაზე. კერძოდ, რას ვაპირებთ ევროკავშირთან მიმართებით, როგორ ვგეგმავთ ქვეყნის განვითარებას და ადაპტირებას ევროპის დიდ ოჯახში.
ამ თვალსაზრისით პოზიტიურ შედეგებს ველოდებით და ეჭვი არ მეპარება, რომ დიალოგი თავის დადებით შედეგს მოიტანს. ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის. საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დააზარალებს. შესაბამისად, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დიალოგის გამართვისთვის“, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.