ირმა ნადირაშვილი - კოორდინატორები, საჯარო მოხელეები და კრიმინალური ელემენტები - ეს ბუკეტი შეგიძლიათ ნახოთ მთაწმინდის ნებისმიერ საარჩევნო უბანზე
ირმა ნადირაშვილი - კოორდინატორები, საჯარო მოხელეები და კრიმინალური ელემენტები - ეს ბუკეტი შეგიძლიათ ნახოთ მთაწმინდის ნებისმიერ საარჩევნო უბანზე

კოორდინატორები, საჯარო მოხელეები და კრიმინალური ელემენტები – ეს ბუკეტი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დღეს მთაწმინდის ნებისმიერ საარჩევნო უბანზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „კრიმინალებთან შერწყმული „ქართული ოცნება“ სწორედ ასე ცდილობს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენას“.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვოლსკიმ მოგვიწოდა, რომ თუ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს საარჩევნო პროცესში კრიმინალების მონაწილეობის შესახებ, პოლიციას ვაცნობოთ. ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ. ვოლსკის, ასევე პოლიციის შესაბამის განყოფილებას მივმართავთ, რომ მივიდნენ მთაწმინდაზე, კერძოდ მე-13 უბანზე და გაგვარკვიონ, რას აკეთებს ამ უბანზე ნოდარ დობორჯგინიძე. ის ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი დემეტრაძესთან ერთად მე-13 და მე-14 უბნებზე მოძრაობს და ქუჩაში ვითარებას აკონტროლებს. დობორჯგინიძე ნასამართლევია „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით და მისი სახელი ასევე სადახლოში მომხდარ ხმაურიან მკვლელობას უკავშირდება“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით, როდესაც ხელისუფლება კრიმინალთან შერწყმულია და კრიმინალს საარჩევნო პროცესში იყენებს, ამის საფასურის გადახდა თითოეულ მოქალაქეს უხდება.

ამასთან, როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მთაწმინდა ის უბანი არ არის, სადაც შეიძლება კრიმინალებისა და ხელისუფლების გაერთიანებამ ადამიანები შეაშინოს.

„დღეს არა ერთი სიტყვა მოვისმინე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამოიჩემა, რომ თურმე დარღვევები, რომელსაც ჩვენ მათ ვაცნობთ, კომიკური ყოფილა. შესაძლოა, გიორგი ვოლსკისთვის ან არჩილ თალაკვაძისთვის კომიკურია ის, რაც ხდება, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრაგიკულია. როდესაც ხელისუფლება კრიმინალთან ასე შერწყმულია და კრიმინალს საარჩევნო პროცესში იყენებს, ამის საფასურის გადახდა თითოეულ მოქალაქეს უხდება. ეს არის გაძარცვული, დაყაჩაღებული ბინები და ადამიანები. ეს ამ ალიანსის შედეგია. მთაწმინდა ის უბანი არ არის, სადაც შეიძლება კრიმინალებისა და ხელისუფლების გაერთიანებამ ადამიანები შეაშინოს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.