ირმა ხეცურიანი - ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მედალი მარტივად შეიძლებოდა გვქონდა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა (ხმლით ფარიკაობაში) ჩინელ მეტოქესთან დათმო.
ირმა ხეცურიანმა კომენტარი საქართველოს პირველ ართან გააკეთა – „ვცდილობ, მაქსიმალურად მშვიდად შევხვდე ყვლა მარცხს, მაგრამ ახლა ეს მეორედ მოხდა და ძალიან რთულია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი არ არის, მაგრამ მაინც არ დავნებდები. ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მედალი მარტივად შეიძლებოდა გვქონდა საქართველოს.
მინდა, ბოდიში ვუთხრა გულშემატკივრებს. იმედი მაქვს, რომ გამოვასწორებ. ლოს ანჯელესში, ძალიან ბებერი თუ არ ვიქნები, გუნდს არ დავტოვებ. ვულოცავ ყველა ჩვენს სპორტსმენს, ვინც წარმატებას უკვე მიაღწია და წარმატებას ვუსურვებ, ვინც შემდეგ გამოვა. დარჩა რაპირაში ასპარეზობა და იმედია, რომ ძალიან ქვემოთ არ მოვხვდები. მიუხედავად იმისა, რომ ხმალი ჩემი პირველი იარაღია, რაპირაშიც ძალებს არ დავიშურებ“.