ირმა ინაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ამბოხის თავი არავის აქვს, ეს უბრალოდ პოლიტიკური ვაჭრობაა
ირმა ინაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ამბოხის თავი არავის აქვს, ეს უბრალოდ პოლიტიკური ვაჭრობაა

„ქართულ ოცნებაში“ ამბოხის თავი არავის აქვს და ეს უბრალოდ პოლიტიკური ვაჭრობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„დღეს პარლამენტში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ მელაკუდობას და სიწუწკეს. ეს კარგად გამოჩნდა სხდომის მსვლელობისას. კობახიძე, მდინარაძე და ეს ჯგუფი ამბობს, ჩვენ გვინდა და პროპორციულ სისტემაზე გადავდივართო და უცებ, აღმოჩნდა, რომ არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ეს სისტემა არ უნდათ. თუ დააკვირდით, ყველა განცხადება კობახიძის პროექტის საწინააღმდეგო იყო. ჩვენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ხომ არ ვართ?! „ქართულ ოცნებაში“ ამბოხის თავი არავის აქვს. ეს უბრალოდ, პოლიტიკური ვაჭრობაა და ჩვენი განწყობების ტესტირება მიდის, რამდენად მიიღებს ამას პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური ვაჭრობის პროცესი თვითონ საპარლამენტო უმრავლესობაში მიდის, რაც პარლამენტის სხდომაზე ძალიან უხერხულად გამოვიდა.

„მიმდინარე საათები ზუსტად ამ შეთანხმებისთვის იქნება გამოყენებული, ხვალ რა ქნან და ამ შეთანხმებაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარების მომხრობა და ცვლილების გატანა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თუ ეს ყველაფერი ჩავარდა, „ქართული ოცნება“ დამთავრდება. 

„ეს შემიძლია, გითხრათ, იცით, როგორ დამთავრდება?! ხალხი გადაწყვეტს, როგორ დაამთავროს და ჩვენ ამ პროცესის სათავეში ვიქნებით“, – განაცხადა ინაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველ პარტიას მიმართა, ხვალამდე იფიქრონ.

„თქვენი გადაცემიდან კიდევ ერთხელ მინდა, „ქართულ ოცნებას“ მივმართო – ხვალ კენჭისყრაა და იფიქრეთ ხვალამდე; მზად ხართ, იმ ვითარებას გაუმკლავდეთ, რაც პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლებს? მზად ხართ, მერე დაიწყოთ ლაპარაკი, როგორ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ა.შ.? თუ ისინი პროექტს თითქოს, მაჟორიტარების წინააღმდეგობის გამო ჩააგდებენ, მერე როგორ გაუმკლავდებიან იმ პროცესს, რომელიც ქუჩაში დაიწყება?! ამას ხომ არავინ შეეგუება?! ჩვენ არ შევეგუებით. მე ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით ვსაუბრობ. უკვე, აღარ დავიწყებთ გარჩევას, ეს პარტია-ის პარტია, მოვუწოდებთ ყველა პარტიის მხარდამჭერს და საზოგადოებას, ქუჩაში გავიდეთ და ქართული დემოკრატია დავიცვათ. იქ პარტიების არავითარი დახარისხება აღარ იქნება. მათ მხარდამჭერებს მივმართავ, რომ ყველა მობილიზებული იყოს“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა იმიტომ არის კარგი, რომ პარლამენტში ბევრი პარტია, აზრი, პოზიცია იქნება და პარლამენტი სწორედ ეს არის.

„აბა, ის კი არ იქნება, დღევანდელი სხდომა ხრუშჩოვის დროინდელ პარლამენტს რომ გვაგონებს. დღევანდელი სხდომა ამის კლასიკური მაგალითი იყო. ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან და ერთ ტონალობაში ლაპარაკობენ, რომ პროპორციული სისტემა ცუდია. ეს უბრალოდ, სირცხვილია“, – განაცხადა ინაშვილმა.

პირველი არხის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, როგორია მისი მოლოდინი ხვალისთვის და აღმოჩნდება თუ არა ის პარლამენტის წინ ქუჩაში გიგა ბოკერიასთან ერთად, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ ბოკერიასთნ ერთად არსად არ აღმოჩნდება, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ გონიერება უნდა გამოიჩინოს.

„ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ფიქრობდნენ და არა იმაზე, სიაში ვინ მოხვდება და ვინ რომელი ნომერი იქნება; იმაზე უნდა ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფოს სტაბილურობა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგება. ამავდროულად, ჩვენი ვალია, არ დავუშვათ ამ მონაპოვრის სანაგვეზე გადაგდება, რაც ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო ინიცირებული“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.