ირმა ინაშვილი - „ოცნებას“ ვეკითხები, რატომ არ დაუმტკიცეთ „ნაცმოძრაობას“, რომ პირადი ცხოვრების კადრების გადაღება სისტემური დანაშაული იყო
„ოცნებას“ ვეკითხები, რატომ არ დაუმტკიცეთ „ნაცმოძრაობას“, რომ პირადი ცხოვრების კადრების გადაღება სისტემური დანაშაული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ თუ ვართ პარლამენტის თავმოყვარე წევრები, თუ გვაქვს ღირსება – რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს, არავის ღირსებაში არ შემაქვს ეჭვი, გამონაკლისების გარდა, ყველამ უნდა დავგმოთ მარაზმი, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელება ქვეყანაში და დავასრულოთ ის. არ აქვს ამას მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტი, აქ ადამიანური ასპექტი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხდება ადამიანების განადგურება, მაგრამ არა მარტო კონკრეტული ადამიანების, მათ შორის, ოჯახის წევრების განადგურება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილმა მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, შეიქმნას საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კანონმდებლობის გამკაცრებაზე.
„დიახ, უნდა გამკაცრდეს კანონი და მე თუ მკითხავთ, გამავრცელებელი უნდა ისჯებოდეს განსაკუთრებულად მძიმე სასჯელით და ამაზე ჩვენ მოგვიწევს მუშაობა.
რაც შეეხება იმას, ვინ იღებდა, როგორ იღებდა, დღეს ვინ ავრცელებს, პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევით. ვერც ისინი, ვინც ამ ქვეყანას 9 წელი აწამებდით და ვერც ისინი, ვინც შვიდი წელია, მართავთ ამ ქვეყანას, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“. დღეს დააკვირდით, რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე? კი, ჩვენო ვიღებდით ამ კადრებსო და 26 ათასი ფაილი მარტო ორ სამინისტროში იპოვეს ამ მანიაკებმა, მართლა, რომლებიც საძინებლებში, სამზარეულოებში, ყველგან უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ და იღებდნენ ადამიანებს და ახლა ამბობენ, ვინ დაგვიმტკიცა, რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილიო. მე „ოცნებას“ ვეკითხები ახლა, რატომ არ დაუმტკიცეთ ადამიანებს, ამ კონკრეტულ ბატონებსა და ქალბატონებს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ სწორედაც სისტემური დანაშაული იყო, რაც ხდებოდა. რატომ არ დაუმტკიცეთ ეს? რატომ არ დაისაჯა ყველა, ვინც ე.წ. კასრების საქმეში იყო ჩარეული და ჩვენ ვნახეთ ეს კადრები 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ათასობით ფაილი, ასობით საათია დახარჯული ამაზე და დღეს გამოდიხართ თქვენ, წინა რეჟიმის წარმომადგენლები და უსინდისოდ, ურცხვად ლაპარაკობთ იმაზე, რომ არაფერი ხდებოდა. ძალოვან სტრუქტურებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არავის იმედი აღარ მაქვს, არც ძალოვანი სტრუქტურების და არც მმართველი გუნდის, დიდი ხანია, დავკარგე თქვენი იმედი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, დაისაჯონ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები.
„იმედი მაქვს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველა დაისჯებით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენლებიც, რომლებიც ხელს აფარებთ იმ დამნაშავეებს და არ ვიცით, ხვალ ვინ იქნება ამ ბოროტების მსხვერპლი კიდევ, მერე ვინ დაიწყებს ირონიულ ღიმილს შიგადაშიგ ტელეეთერებში, რომ ეს რა მოხდა და ეს რა ტრაგედიაა, რაც გავრცელდა ეს კადრები, ყველასთან დაიჩოქებს ეს აქლემი.
ამიტომ, მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვაცხადებ, კანონის გამკაცრებაზე იქნება მაქსიმალური მოთხოვნა და ვიმუშავებთ იმისათვის, რომ გამავრცელებელი, ეს ჯგუფი, მთელი ეს ინდუსტრია, წინა რეჟიმით დავიწყოთ, ამ ბოკერიებით, კახიძეებითა და კიდევ დანარჩენებით, რომლებიც ცინიკურად ამ დარბაზში კიდევ ერთხელ ცდილობენ, თვალი აუხვიონ საზოგადოებას და ილაპარაკონ, რომ თურმე თეთრი ხელთათმანებით იღებდნენ იმ კადრებს, რასაც იღებდნენ და რამდენი მასალაა გატაცებული სასჯელაღსრულების სისტემიდან, დანაშაულის დამამტკიცებელი, მთელი ფაქტები გაიტაცეთ, აი, ბატონი ტუღუში რომ ზის აქ, 2012 წლის მერე მოხდა ეს და მოვუწოდებ კიდევ ერთხელ „ქართულ ოცნებას“, თქვენ პერიოდში გავრცელდა ეს კადრები და პასუხისმგებლობა თქვენზეა, წინა რეჟიმი ამას იღებდა და ინდუსტრია ჰქონდათ შექმნილი, დასაჯეთ ეს ხალხი და დაამთავრეთ ეს მარაზმი რაც ხდება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.