ირმა ინაშვილი - ნატო არ გვიღებს, ნუთუ ძნელია ამის გაცნობიერება
ირმა ინაშვილი - ნატო არ გვიღებს, ნუთუ ძნელია ამის გაცნობიერება

საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, უამრავი საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოუსმინეს.

ირმა ინაშვილის განცხადებით, შოკისმომგვრელი განცხადებები კეთდება პარლამენტში, თითქოს რუსეთს მასშტაბური ომის წარმოების საშუალება არ აქვს.

ირმა ინაშვილმა დეპუტატებს საღად აზროვნებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთს საშუალება აქვს მასშტაბური ომის წარმოების.

„დღეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაზეც ხშირად იყო საუბარი, თითქოს რუსეთს არ აქვს მასშტაბური ომის წარმოების საშუალება. შოკისმომგვრელი განცხადებები კეთდება ამ დარბაზში. ყველას ვურჩევ, ცოტა ადეკვატურობის ფარგლებს დავუბრუნდეთ, საღად ვიაზროვნოთ, ანალიზი გავაკეთოთ და გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს აქვს ფართომასშტაბიანი ომის წარმოების საშუალება.

ჩვენ გვახსოვს, მსგავსი რიტორიკა ისმოდა 2008 წელს. მაშინ ღიმილით ამბობდნენ, ეს ჟანგიანი ტანკები ჩვენ ვერ მოგვერევა, რას დაგვაკლებს. თქვენ ნახეთ, რომ ამ ჟანგიანმა ტანკებმა 200 სოფელი წაგვართვა. უამრავი ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე აი, ამ ხალხმა ჩატოვა ფრონტის წინა ხაზზე, გენერალიტეტი გაიქცა, ვერც ჯაველინი ისროლეს, რომელიც ეტყობა მაშინ არც გქონდათ და ყველაფერი გაგეჭედათ. ძალიან არ მინდა, დღევანდელი ხელისუფლება თეორიულად შესაძლო ომის პირობებში აღმოჩნდეს იგივე ვითარებაში, როცა გენერალიტეტს ვერავინ იპოვის, ლოჯისტიკა მოშლილი იქნება, რეზერვისტებს მიაყენებენ პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე, არავის ექნება კონკრეტული დავალება, ვინ რა უნდა გააკეთოს, იარაღი მოშლილი და ასე შემდეგ.

ამ თემაზე არ მინდოდა საუბარი, უფრო სხვა ფორმატს ვარჩევდი დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ იძულებული გავხდი, ისეთი აბსურდული განცხადებები ისმის ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გამოსვლაში.

30 წლის მანძილზე ჩვენ ამ რეჟიმში ვართ. რუსეთი ვერ გადაადგილდება, თურქეთი ვერ გადაადგილდება, მუდმივად გვექნება ჩვენ საფრთხეები სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან და თქვენ მარტო რუსებზე საუბრობთ. განა მარტო რუსეთია ჩვენთვის გამოწვევა და საფრთხე? უამრავი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე საქართველო“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხსა და რუსეთის განცხადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„30 წლის მანძილზე უამრავი თავდაცვის მინისტრი ვნახეთ. მინისტრები, რომლებმაც მიწები გაყიდეს, ჩააბარეს, რომლებმაც ჯარს არჩევნები გააყალბებინეს ​და მიაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა, „ქართული ოცნების“ მინისტრზე ვსაუბრობ, თინა ხიდაშელზე. ვნახეთ მინისტრები, რომლებიც ვერ გამოდიოდნენ რატომღაც იმ მოლოდინიდან, რომ ნატო მიგვიღებს, ნატო-შია ხსნა. სამწუხაროდ, არ გვიღებს ნატო, გვეუბნება, კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთ, მზად ვართ პარტნიორობისთვის, მაგრამ არ გიღებთ როგორც სრულფასოვან წევრს, ბოლოს და ბოლოს ამის გაცნობიერება ძნელია? თუ უნდა გავაგრძელოთ ასეთ ვითარებაში ერთმანეთთან თამაში და ხალხის მოლოდინთან, რომელიც უკვე წკიპზეა. მგონი, მარტო მე არ მომისმენია დღეს რუსეთის განცხადებები. ჟენევის ფორმატში კრიზისია, კარასინი-აბაშიძის ფორმატში კრიზისია. არის ძალიან მკაფიო და მწვავე განცხადებები და ვდგავართ ომის წინა ვითარების რეჟიმში. თუ ამას ხელისუფლება აცნობიერებს და ისევ იმ რიტორიკას განაგრძობს, რომ წითელი ცხვირსახოცი რუსეთს უფრიალოს, ეს ძალიან ცუდია, ამ ომს ვერ მოვიგებთ. და თუ ვერ აცნობიერებთ, მაშინ კიდევ სხვა პრობლემასთან გვქონია საქმე, უმეცრების პრობლემასთან და არ მინდა, ვინმეს ეს შეურაცხყოფა მივაყენო.

ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩარჩოებიდან, დაკომპლექსებული წრიდან, სადაც განსხვავებულ კონცეფციასა და იდეებზე ლაპარაკი, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე ლაპარაკი თურმე ქვეყნის მოღალატეობა ყოფილა. ყველას მოგიწოდებთ, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი დააღწიეთ წინა რეჟიმის იდეოლოგების წნეხს, უნდა გავხსნათ ჩვენი ფორმატები, შევქმნათ ახალი ფორმატები, მაგალითად, საქართველო-ნატო-რუსეთი, რომელზეც ვლაპარაკობთ. უნდა ვიმუშაოთ აქტიურად, ბრძნულად, საღად, რათა ავიცილოთ რუსეთთან ახალი ომის საფრთხე თავიდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, კონკრეტული განცხადებებიდან გამოტანილი ანალიზია ის, რომ საქართველო ძალიან ახლოს დგას რუსეთთან ახალი ომის საფრთხის წინაშე.

„კიდევ ვამბობ, ეს არ არის ჩემი ვარაუდი, ეს არის კონკრეტული განცხადებებიდან გამოტანილი ანალიზი, ღიად აკეთებენ ამ განცხადებებს, ძალიან ახლოს ვდგავართ რუსეთთან ახალი ომის საფრთხის წინაშე. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე დღეს, ბატონო მინისტრო მკაფიო და შეიძლება ბევრი რამ აქ არც ითქმება, მაგრამ მკაფიო პოზიცია, მზად ხართ თქვენ ამისთვის? დღეს არც ერთი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ომისთვის მზად არის. მშვიდობისთვის უნდა ვიყოთ მზად, სამშვიდობო პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და არ უნდა ვიყოთ მარადიულად მოქცეული ბოკერიების იდეოლოგიის წნეხის ქვეშ, რომლებიც თვითონ მოღალატეები ყველას მოღალატედ აცხადებენ, ვისაც სამშობლო უყვარს, ეს ხალხი ჩააბარეს პირველ რიგში სამშობლოს. ჩაუბარებია ერთხელ და კიდევ გააკეთებენ.

დღეს რომ ომი დაიწყოს, მე მაინტერესებს, ამ დარბაზში რა მოხდება და საერთოდ, ქვეყანაში რა მოხდება, ჩვენი სამშობლოს დასაცავად ვინ წავა. ამაზე ვიფიქროთ, კარგი იქნება და არა რაღაც ბუნდოვან, აბსურდულ რიტორიკაზე, რასაც ხშირად აქვს ხოლმე ადგილი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.