ირმა ინაშვილი - მთელ მსოფლიოში ​ფსევდოლიბერალური ძალების მხრიდან ყველა რელიგიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა
ირმა ინაშვილი - მთელ მსოფლიოში ​ფსევდოლიბერალური ძალების მხრიდან ყველა რელიგიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა

ცამეტივე ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირ შტურმი აქვს გახსნილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

ფსევდოლიბერალური ძალების მხრიდან მთელ მსოფლიოში ყველა რელიგიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. არ ვამბობ, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, მაგრამ მართლმადიდებლობას მაინც განსაკუთრებულად უტევენ. ისმის კითხვა – ვინ არიან ეს ძალები, რაღაც ზოგადი, ვირტუალური ძალები ხომ არ არიან?! არავითარ შემთხვევაში. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური კლასი, კონკრეტული მედიასაშუალებები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან გავლენიანი კონგლომერატი, აშშ-შიც და ევროპაშიც, რომელიც გამალებით უტევს ამ შემთხვევაში, მართლმადიდებლობას“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ეს პროცესი საქართველოშიც პარალელურ რეჟიმში მიდის, რადგან ამ გარე ფსევდოლიბერალურ ძალებს შიგნიდან ჰყავთ დასაყრდენი. 

„ამ დასაყრდენსაც ვიცნობთ. მაგალითად, წლების წინ, როცა მე ამ არხზე ვმუშაობდი, მოვიდა „თავისუფლების ინსტიტუტი“ და აქ მოიტანეს გეგმა, როგორ უნდა გვემხილებინა სინოდი მთელ რიგ სიბილწეებში, როგორ უნდა მოგვემზადებინა გადაცემები პატრიარქის წინააღმდეგ, რომელიც თურმე დაბერდა და ვეღარ მართავს, ღამით როგორ უნდა შევსულიყავით მონასტრებში და აგვესახა, თურმე იქ რა აღვირახსნილობა ხდება და ა.შ. ეს იყო „თავისუფლების ინსტიტუტის“ გეგმა, რომელიც აქ, შიგნით იყო ფსევდოლიბერალური ძალების დასაყრდენი. ეს ყველაფერი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხდებოდა. მაშინ, ეს გეგმა გასკდა და არ განხორციელდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი შეჩერდა. პროცესი გრძელდებოდა და მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ქართული კონგლომერატი რაღაცნაირად, კონსოლიდირებული სახით შეიკრა. პატრონების გარეშე დარჩენილი არც ის არის. დასავლეთში მას ჰყავს თავისი მმართველები და დირიჟორები. იმავე კრამერ-ბრაიზებზე ვლაპარაკობ. თუმცა, სხვებიც არიან“, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა აღნიშნა, დღეს ქართული ეკლესია და კონკრეტულად, პატრიარქი ამ შეტევის ობიექტია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გარკვეული თვალსაზრისით, არის თუ არა კონსერვატიზმის დისკრედიტაცია ის, როცა პროტესტის გამოხატვა ისეთ ფორმას იღებს, როგორიც რამდენიმე დღის წინ, კინოთეატრებთან ვიხილეთ, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ეს ტალღა მთელ მსოფლიოშია და საქართველო გამონაკლისი არ არის.

„სხვადასხვა ქვეყანაში ეს ფორმებიც არის გამოყენებული და გაცილებით რადიკალური ფორმებიც“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.