ირმა ინაშვილი - მნიშვნელოვანია, დღეს დავეხმაროთ ადამიანებს, ასევე, წინასწარ გვქონდეს გათვლილი ყველა სცენარი, შემოდგომაზე რა ტიპის კრიზისს ველოდებით
ირმა ინაშვილი - მნიშვნელოვანია, დღეს დავეხმაროთ ადამიანებს, ასევე, წინასწარ გვქონდეს გათვლილი ყველა სცენარი, შემოდგომაზე რა ტიპის კრიზისს ველოდებით

მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ადამიანებს. მთავარი, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, ის არის, რომ დღეს ვერ შევძელით დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კითხვით მიმართა.

„მთავარი მაინც არის უსაბუთო თვითდასაქმებულების საკითხი, რომლებსაც ძალიან უჭირთ ამის დადასტურება. ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. მეორე საკითხი, რაც მე დავაყენე პარლამენტის სხდომაზე ჯარიმებთან დაკავშირებით. ეს არის ჯარიმის აბსოლუტურად არაადეკვატური მოცულობა – 3000 ლარზე ვლაპარაკობ. კარგია, რომ დღეს თანამოაზრეები გამომიჩნდნენ დარბაზში უმრავლესობიდანაც და ოპოზიციიდანაც. სასწრაფოდ უნდა ვიფიქროთ აქაც გამოსავალზე. როგორ შეიძლება, ადამიანებს შევუმსუბუქოთ ეს ძალიან დიდი ტვირთი, რადგან ვიცით, ისინი ამ ჯარიმას ვერ გადაიხდიან. მნიშვნელოვანია, როგორ ვეხმარებით სტუდენტებს, რომლებმაც უნდა გადაიხადონ გადასახადი. გვყავს სტატუსშეჩერებული სტუდენტები, გვყავს კიდევ ახალი ტალღა სტუდენტების, რომლებიც გადასახადს ვერ გადაიხდიან“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის დახმარების დღესვე უზრუნველყოფა.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს დავეხმაროთ ადამიანებს. მთავარი, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, ის არის, რომ დღეს ვერ შევძელით დახმარება. ჩვენ ვეუბნებით, ანუ მთავრობა ეუბნება ხალხს, რომ ორი თვის მერე და ეს ორი თვე როგორ იცხოვრა ხალხმა, ვეკითხებით ამას? ახლა, როცა ხალხი ემზადება, რომ დახმარება მიიღოს, კიდევ მინიმუმ ორი კვირაა საჭირო, რომ რაღაც ელემენტარული საარსებო საშუალება, ფინანსური დახმარების სახით მათ მივცეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წინასწარ გვქონდეს გათვლილი ყველა სცენარი შემოდგომაზე რა ტიპის კრიზისს ველოდებით,რომ შემდეგ არ აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ თურმე არჩევნები გადაიდო ან რაღაცა სხვა პრობლემაა. აქაც კარგი იქნება, ბატონო გიორგი, თუ გვეტყვით, მიდის თუ არა მუშაობა სხვადასხვა სცენარზე. რა ტიპის სცენარებს ველოდებით და როგორი იქნება ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.