ირმა ინაშვილი - დღევანდელი შეკრების მთავარი ლოზუნგი იქნება არა მხოლოდ „არა ბოკერიებსა და სააკაშვილებს“, არამედ „არა ქართულ ოცნებასაც“
ირმა ინაშვილი - დღევანდელი შეკრების მთავარი ლოზუნგი იქნება არა მხოლოდ „არა ბოკერიებსა და სააკაშვილებს“, არამედ „არა ქართულ ოცნებასაც“

დღევანდელი შეკრების მთავარი ლოზუნგი იქნება არა მხოლოდ „არა ბოკერიებსა და სააკაშვილებს“, არამედ „არა ქართულ ოცნებასაც“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში შეკრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა დღეს ძალიან სერიოზული საფრთხეების, გამოწვევების წინაშე დგას და დღევანდელ შეკრებაზე ამ საფრთხეებზე ისაუბრებენ.

„15 ივნისს თავისუფლების მოედანზე 40 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, ეს იყო ჩვენი აქცია, სადაც ვთქვით, რომ გაგრძელდება საპროტესტო აქციები. ამის შემდეგ შევიკრიბეთ ზუგდიდში, იგეგმება მასშტაბური შეკრება ბათუმში, ერას მოედანზე. დღეს შეკრება სპორტის სასახლეში იმიტომ გავაკეთეთ, რომ ბევრი სათქმელი დაგროვდა. ქვეყანა დღეს ძალიან სერიოზული საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ამ საფრთხეებზე ვილაპარაკებთ. ეს ეხება დავით გარეჯს, სიღარიბეს, პოლიტიკურ კონფიგურაციას ქვეყანაში, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკას და დღეს ჩვენ ვდგავართ რუსეთთან რეალური ომის წინაშე. საჭიროა არა კოცონების დანთება ჩვენი ქვეყნის გარშემო, არამედ ამ კოცონების ჩაქრობა. ჩვენ გამოვეხმაურებით ყველა მოვლენას, ეს არ ეხება მხოლოდ 20-21 ივნისის მოვლენებს. დღევანდელი შეკრების მთავარი ლოზუნგი იქნება არა მარტო „არა ბოკერიებსა და სააკაშვილებს“, არამედ „არა ქართულ ოცნებასაც“. აღარ ვლაპარაკობთ მხოლოდ იმ ცხრა წელზე, ვლაპარაკობთ, რომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პოლიტიკა აწარმოა, რომ ქვეყანა საომარი ვითარების წინაშე დგას და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის თქმით, გარკვეული პერიოდის წინ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან, რომლებმაც პოლიტიკოსებს სთხოვეს, რომ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას შეუწყონ ხელი.

„იყო თხოვნა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ყველამ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, რომ არ გაღვივდეს კონფრონტაცია. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სპორტის სასახლე, თორემ თავისუფლად შეგვიძლია თავისუფლების მოედნის გავსება და მსვლელობების ორგანიზება. ამ ეტაპზე ვიკრიბებით სპორტის სასახლეში და მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ თავისუფლების მოედანზეც შევიკრიბებით“, – განმარტა ინაშვილმა.