ირმა ინაშვილი - ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში
ირმა ინაშვილი - ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში

ქართულ-რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ, ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს, – ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირმა ინაშვილის თქმით, მისი თანაგუნდელები უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ.

„რუსეთის პრეზიდენტმა ძალზედ ღირსეული და დროული კომენტარი გააკეთა. პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს.

არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება… მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს.

P.S. ეს სანქციების თემაზე. ახლა რაც შეეხება ინტერვიუს პირველ ნაწილს, ჩვენ ვიცით, რომ არავინ დაგვიჩაგრავს და დაგვიპყრია. მით უმეტეს, აფხაზეთი და ოსეთი. ჩვენ რომ ვიცით, ეს საკმარისია. თუ ინტერვიუს კარგად მოისმენთ, იქ საგულისხმო სულ სხვა ეპიზოდია – გვინდა სოხუმის და ცხინვალის დაბრუნება? გასაღები დევს მოსკოვში, სოხუმში, ცხინვალში! გვინდა ეს, თუ არა? და რაც უფრო გაღვივდება საქართველოში ანტირუსული ისტერია, მით უფრო დაგვაშორებს ეს სოხუმსა და ცხინვალთან, ამიტომ პოლიტიკა, დიპლომატია იმას გულისხმობს, რომ საერთო ტექსტიდან, პათოსიდან ჩვენთვის საგულისხმო მომენტებს მივაქციოთ ყურადღება. მერე სწორად ვიმოქმედოთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქზე“.