ირმა ინაშვილი - ბოკერია იყო ტვინი ბოროტი რეჟიმის და მამოძრავებელი ძალა, განმახორციელებელი იმ ბოროტებისა იყო სააკაშვილი
ირმა ინაშვილი - ბოკერია იყო ტვინი ბოროტი რეჟიმის და მამოძრავებელი ძალა, განმახორციელებელი იმ ბოროტებისა იყო სააკაშვილი

ბოკერია იყო ტვინი იმ ბოროტი რეჟიმის და მამოძრავებელი ძალა, განმახორციელებელი იმ ბოროტებისა იყო სააკაშვილი, – ამ სიტყვებით უპასუხა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილის რეკომენდაციას რეზოლუციის სათაურის შეცვლისა და სააკაშვილ-ბოკერიას გვარების ზოგადად „ნაციონალური მოძრაობით“ ჩანაცვლების შესახებ.

უმრავლესობის წევრებმა „პატრიოტთა ალიანსის“ მეირ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის სულისკვეთება გაიზიარეს, თუმცა პერსონიფიცირების ნაცვლად, დოკუმენტისთვის უფრო ზოგადი სახელის დარქმევის იდეით გამოვიდნენ.

„ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მერე შექმნა პოლიტიკური პარტია, თქვენ აღიარეთ ოპოზიციად, დღეს ზის პარლამენტში და თქვენ გეძახით კრიმინალებს. ეს არის პოლიტიკური მარაზმი და მე მოგიწოდებთ, სწორედ ამ რეზოლუციით დავასრულოთ ქვეყანაში პოლიტიკური მარაზმი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა უმრავლესობის წევრთა შეთავაზების საპასუხოდ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა პარლამენტს დღეს იმ რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. პროექტის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა კი სხდომის დასაწყისში საკითხის განხილვის გადადება მოითხოვეს, თუმცა ირმა ინაშვილმა ამ მოთხოვნას უარით უპასუხა.