ირმა ინაშვილი - ადეიშვილის ერთი ყოფილი მოადგილე კახიძე მეორე ყოფილ მოადგილე თავაძეს სამართლებრივ საკითხებზე ლექციას უტარებს
ირმა ინაშვილი - ადეიშვილის ერთი ყოფილი მოადგილე კახიძე მეორე ყოფილ მოადგილე თავაძეს სამართლებრივ საკითხებზე ლექციას უტარებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი ერიდება, შეაფასოს წინა ხელისუფლების მმართველობა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს უსმენენ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

„თქვენ თქვით, რომ წინა ხელისუფლების დემოკრატიის კუთხით იყო შეცდომები და პრობლემები. ანუ, შეცდომები და პრობლემები ყოფილა მხოლოდ მთელი ის ძალადობა, რაც ხდებოდა მაშინ, როცა თქვენ იყავით ადეიშვილის მოადგილე და იმ სისტემის ნაწილი. 26 მაისი ყოფილა შეცდომა და პრობლემა, 7 ნოემბერი ყოფილა შეცდომა და პრობლემა, სულხან მოლაშვილიც შეცდომა იყო, მისი წამებაც. იცით, რისი გეშინიათ? ხიდებს არ წვავთ, თქვენ კიდევ გგონიათ, რომ ეს ხალხი თეორიულად შესაძლოა, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ისევ ამათი ნაწილი ხართ და ამ ხიდებს არ წვავთ, რომ შეაფასოთ მათი მმართველობა ძალადობრივად რეჟიმად, რასაც ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ ამდენი წლის მანძილზე. თეორიულად არ მოხდება ამათი დაბრუნება, მაგრამ ჩუმი ლოგიკით ფიქრობთ, რომ ეს ხალხი ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ხომ გინდათ კიდევ დარჩენა სასამართლო სისტემაში და ხომ გინდათ კიდევ თანამდებობები, კიდევ რაღაცა კარიერული წინსვლა, რაზეც თქვენ და სხვები, ყველა კანდიდატს ეხება ვინც აქ იყო წარმოდგენილი, ხომ გინდათ კიდევ მომავალშიც კარიერული წინსვლა. რეჟიმი თავისით არ იქმნება, ბატონი ზაზა, ეს არის პრინციპული საკითხი ჩვენთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალმა კანდიდატურებმა მკვეთრი და მკაფიო შეფასება გააკეთოთ, რა ტიპის მმართველობასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ფიზიკურად აწამებდნენ ადამიანებს, „ქართული ოცნება“ კი – სულიერად.

„აი, რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, უკვე ცინიკურ პლანში მიდის სისხლიან რეჟიმზე ლაპარაკი. ღირსი ხართ, ახია თქვენზე. ამათ ხელში ხომ ფიზიკურად ხდებოდა ადამიანების წამება, თქვენ სულიერად გვაწამებთ, სულიერი წამებაა აიტანო, რაც ამ დარბაზში ხდება. ადეიშვილის ერთი ყოფილი მოადგილე კახიძე ადეიშვილის მეორე ყოფილ მოადგილეს სამართლებრივ საკითხებზე ლექციას უტარებს. ლექცია ჩაგვიტარეს რა, თქვენი ლექციები ჩვენ არ გვჭირდება სამართლებრივ საკითხებზე, როგორღაც გვესმის ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ნორა კვიციანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაამართლა სასამართლომ და ყველა ნაწილში მოუხსნა ბრალი, ახლა ვინ დავსაჯოთ ჩვენ? ვის მოვთხოვოთ პასუხი ამის გამო?“, – აღნიშნა ინაშვილმა.

მისივე თქმით, რეჟიმს მხოლოდ სააკაშვილი და ბოკერია კი არ ქმნიდა, რეჟიმს ქმნიდნენ ზაზა თავაძისნაირი ადამიანები.

„რეჟიმს მარტო სააკაშვილი და ბოკერია კი არ ქმნიდა, ბატონო ზაზა, თქვენნაირი ხალხიც ქმნიდა, ჟურნალისტებიც ქმნიდნენ რეჟიმს, ხმას რომ არ იღებდნენ და დღესაც ფარული სიმპატიები რომ აქვთ ბოკერიების და „ნაციონალური მოძრაობისადმი“, რომ ვერ მალავენ ამ სიმპათიებს. ამ ადამიანებს თურმე გახსენება სჭირდებათ, რა მძიმე დროში ცხოვრობდნენ 2004-2012 წლებში, როცა 40-ზე მეტი ტელეარხი წაართვეს, კლავდნენ, ძარცვავდნენ და იყო ერთი უბედურება. აი, ეს არის ის სურათი, რაც მე გარედან დავინახე ამ განხილვებისას, მე ამ სხდომაზე მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ ჩემი ეს შთაბეჭდილება საზოგადოებისთვის გამეზიარებინა. არ გიჭერთ მხარს და არც ამ სიას ვუჭერთ მხარს, ვერ დავუჭერთ მხარს, რადგან არ იმსახურებთ. არც ერთი კანდიდატი, ვისაც მე აქ ვუსმენ, არ იმსახურებთ ამას. ჩვენ გვინდა თავისუფლად მოაზროვნე, სრულიად ახალი მოსამართლეები და უნდა ვიღვაწოთ ამისათვის. სახელმწიფოს ეროვნული ამოცანა უნდა იყოს, აღზარდოს ახალი კლასი მოსამართლეების, რომ თქვენნაირები ჩაანაცვლონ ამ ახალმა მოსამართლეებმა ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.