ირმა ინაშვილი - 20 ივნისის მოვლენებისას ხალხი გაზმა და წყლის ჭავლმა დაშალა, რეზინის ტყვიების საჭიროება არ იყო, არასდროს უნდა გამოვიყენოთ
ირმა ინაშვილი - 20 ივნისის მოვლენებისას ხალხი გაზმა და წყლის ჭავლმა დაშალა, რეზინის ტყვიების საჭიროება არ იყო, არასდროს უნდა გამოვიყენოთ

რეალურად, ხალხი 20 ივნისის მოვლენებისას გაზმა და წყლის ჭავლმა დაშალა, რეზინის ტყვიების გამოყენების საჭიროება არ იყო, – ამის შესახებ  ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე დეპუტატმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზინის ტყვიების გამოყენებამ მოქალაქეები დაასახიჩრა.

„არ უნდა გამოგვეყენებინა რეზინის ტყვიები, რადგან ამან დაასახიჩრა ადამიანები და ეს არის ძალიან მძიმე შედეგი. დარწმუნებული ვარ, თქვენ განიცდით ამას როგორც ადამიანი, მაგრამ ჩვენი განცდები ვერ ეხმარება ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ ამ ტრაგიკული მოვლენებისას. არის ასევე არანაკლებად მნიშვნელოვანი მხარე, რომ პარლამენტში შეჭრის მსურველი უნდა გააჩეროთ აუცილებლად. სახელმწიფომ უნდა გააჩეროს ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტენ, შეიჭრან პარლამენტში, მაგრამ აქ მეთოდზეა საუბარი, რა მეთოდს გამოიყენებს სახელმწიფო. ასევე დოზირება და ბალანსი ყოველთვის უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ინაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მას თავადაც ბევრჯერ მოხვედრია რეზინის ტყვია

„ბევრჯერ მომხვდა რეზინის ტყვიაც, ბევრ დარბევაში მოვყევი, თითქმის ყველა ძვალი დამტვრეული მაქვს. ბევრჯერ მითქვამს და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს თავი შეგაცოდოთ, იმიტომ ვამბობ, რომ თაობა გაიზარდა შვიდი წლის მანძილზე ამ ქვეყანაში, რომელსაც აღარ ახსოვს, საერთოდ არ იცის, რა იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი. როდესაც საინფორმაციო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ, მოგვიწევს იმ ტიპის საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება, რომ ამ თაობას თავიდან მოვუყვეთ, რა რეჟიმთან გვქონდა საქმე 2003-2012 წლებში, მოვუყვეთ და ვუთხრათ, რომ იყო 7 ნოემბერი, იყო 26 მაისი, მაგრამ რეზინის ტყვიები არა, არასდროს არ უნდა გამოვიყენოთ ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო იარაღი“, – აღნიშნა ინაშვილმა.

ვიცე-სპიკერის თქმით, პატრიოტთა ალიანსი აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ინიციატივას წარადგენს.

„ინიციატივას დავარეგისტრირებთ პარლამენტში, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში იარაღის გამოყენება არ ხდებოდეს მაშინ, როდესაც სახელწიფო იცავს მის ინტერესს და სახელმწიფო დაწესებულებებს იცავს უკანონო შეჭრისგან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა ფრაქციის სხდომაზე შემაჯამებელი გამოსვლისას.