ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სუდანში ევროკავშირის ელჩს, ირლანდიელ დიპლომატს, აიდან ოჰარას თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღია
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სუდანში ევროკავშირის ელჩს, ირლანდიელ დიპლომატს, აიდან ოჰარას თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღია

სუდანში ევროკავშირის ელჩს, ირლანდიელ დიპლომატს, აიდან ოჰარას თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, – ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაიკლ მარტინმა განაცხადა.

ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავდასხმა შეაფასა, როგორც დიპლომატების დაცვის ვალდებულებების უხეში დარღვევა.

„ჩვენ მადლობას ვუხდით მას (ელჩს) სამსახურისთვის და მოვუწოდებთ მხარეებს სუდანში ძალადობის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დიალოგის აღდგენისკენ“, – განაცხადა მარტინმა.

ამასთან, ევროკავშირის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ელჩზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ხართუმიდან ევროკავშირის დელეგაციის ევაკუაცია არ მომხდარა.

მისი თქმით, საელჩოს პერსონალის უსაფრთხოება ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია და მიმდინარეობს უსაფრთხოების ზომების შეფასება.

შეგახსენებთ, მანამდე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა დაწერა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა განხორციელდა.

სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 185 ადამიანი, 1 800-ზე მეტი კი დაშავებულია. დედაქალაქ ხართუმში საჰაერო დარტყმები ხორციელდება, მხარეები მძიმე შეიარაღებას იყენებენ.