ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - „რივერდანსის“ მოცეკვავეებთან შედარება ჩვენთვის დიდი კომპლიმენტია
ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - „რივერდანსის“ მოცეკვავეებთან შედარება ჩვენთვის დიდი კომპლიმენტია
მიკ მაკარტიმ „დინამო-არენაზე“ საქართველოსთან შეხვედრამდე წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის თბილისური შეხვედრის მიზნებსა და პრობლემებზე ილაპარაკა.
 
„რა მიზნით ჩამოვედით? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ, ცხადია, ჩვენ გამარჯვება გვსურს. თბილისში დანიას ძალიან გაუჭირდა და ქართველებს შეეძლოთ, არა მხოლდო ქულა აეღოთ, არამედ მოეგოთ კიდეც. თუმცა, სამი ქულისთვის ვიბრძვით დანიასთანაც და საქართველოსთანაც“ – ამბობს მიკ მაკარტი.

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, საკადრო პრობლემები არ აშინებს: „დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდა. მაგრამ ეს არ გვაშინებს – შანსს სხვა მოთამაშეებს მივცემთ. საქართველო კარგ ფორმაშია და სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი ბრძოლა მოგვიწევს“.

მიკ მაკარტიმ ვლადიმირ ვაისის სიტყვების კომენტარიც სთხოვეს, რომელმაც ირლანდიის ნაკრების „რივერდანსის“ მოცეკვავეეთა ანსამბლს შეადარა. ამაზე მან კარგად იხალისა, მერე კი სერიოზულად უპასუხა: „ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია, ასეთმა სპეციალისტმა ჩვენ „რივერდანსის“ მოცეკვავეებს რომ შეგვადარა. ეს ჩემი გუნდისთვის უდიდესი კომპლიმენტია“.
სიმუს კოულმენი, ირლანდიის ნაკრების მცველი:
„საქართველოსთან დუბლინში თამაშს ჩვენ ვკარნახობდით და იმედია, რომ თბილისშიც ასე იქნება. საქართველოსთან არ წაგვიგია და იმედია, ამ ტრადიციას 12 ოქტომბერსაც გავაგრძელებთ“.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ოქტომბერს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 17:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.