ირლანდიაში საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს საინაუგურაციო კონფერენცია გაიმართა
ირლანდიაში საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს საინაუგურაციო კონფერენცია გაიმართა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს საინაუგურაციო კონფერენცია გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიება გახსნეს ირლანდიის ვიცე-პრემიერმა, მეწარმეობის, ვაჭრობისა და დასაქმების მინისტრმა ლეო ვარადკარმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და ირლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ორივე ქვეყნიდან.

ღონისძიება მოიცავდა სამ პანელს: ოფიციალურ გახსნას, ბიზნეს პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ წარმოადგინა, ხოლო მესამე ნაწილში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ისაუბრა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ევროპული ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე. პანელისტებს შორის იყო საქართველოში ირლანდიის ელჩი მარტინა ფინი, რომელმაც მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. ასევე, ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოს Enterprise Ireland რეგიონული დირექტორი კონორ ფაჰი და ისაუბრა საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბიზნესის წარმოების უპირატესობებზე.

საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და და აღნიშნა, რომ წელს საქართველო-ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი შესრულდა და საბჭოს დაფუძნება ერთგვარად სიმბოლურია. მან წარმატება უსურვა ბიზნეს საბჭოს წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ ახალი პლატფორმა – საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

ახლო მომავალში საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო, ჯეიმს ბრიჯმანის ხელმძღვანელობით, გეგმავს საქართველოში გაცნობით ვიზიტს საბჭოს წევრებთან ერთად, ორმხრივი კონტაქტების გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავების მიზნით.

საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონფერენციაში 90-მდე მონაწილე და დამსწრე იყო ჩართული, რაც საქართველოსა და ირლანდიის მხრიდან მზარდ ბიზნესინტერესებზე მიუთითებს.

დატოვე კომენტარი