ირლანდიაში ორ პირს, ლატვიის მოქალაქეებით ვაჭრობის საქმეზე, პატიმრობა მიუსაჯეს
საილუსტრაციო ფოტო
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეში დადანაშაულებულ ორ პირს ირლანდიაში 11 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ ლატვიის შვიდი მოქალაქის შრომითი ექსპლუატაციისთვის ჰქონდათ ბრალი წაყენებული.
ლატვიის სახელმწიფო პოლიციის ინფორმაციით, დაზარალებულები ლატვიაში 2020–2023 წლებში დაიქირავეს. პარალელურად, ლატვიაში კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეების ირლანდიაში სამუშაოდ გადაბირების ფაქტებს ეხება.
ტრეფიკინგში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანების სხვა ქვეყანაში გადაყვანით იყო დაკავებული, ირლანდიისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შედეგად, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოავლინეს და გაანეიტრალეს. ოპერაციას ევროჯასტი (Eurojust) და ევროპოლი (Europol) უწევდნენ მხარდაჭერას.
2023 წლის ოქტომბერში ირლანდიაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო ლატვიაში, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე, ოთხი პირი დააპატიმრეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეები, კარგი ანაზღაურებისა და ღირსეული საცხოვრებლის დაპირებით, ლატვიაში იბირებდნენ სოციალურად დაუცველ პირებს, მათ შორის მათ, ვინც ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა; თუმცა, ირლანდიის პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ამ პირებს, რეალურად, მონობის პირობებში ამყოფებდნენ, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას აყენებდა.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა – მათ არც საკმარისი საკვები გააჩნდათ და არც ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს. ფაქტობრივად მონურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს აშინებდნენ და ისინი მთლიანად დამნაშავეების ნებაზე იყვნენ დამოკიდებულნი; გარდა ამისა, ენობრივი ბარიერის გამო, ვერც დახმარების თხოვნას ახერხებდნენ.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ამ პირების იძულებითი შრომით, მინიმუმ, 750 000 ევროს ოდენობის მოგება მიიღეს.
ირლანდიაში ორი პირი დამნაშავედ ცნეს ადამიანით ვაჭრობაში, ფულის გათეთრებასა და დოკუმენტების გაყალბებაში. ამ ქვეყნის სასამართლომ მათ 11 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლატვიაში კი დღემდე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1541 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ადამიანით ვაჭრობას, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მსხვერპლის სიცოცხლეს ან გამოიწვია მძიმე შედეგები, ან თუ იგი ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით, ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
ლატვიის კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან 15 წლამდე ვადით, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე, პლუს – პრობაციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას სამ წლამდე ვადით ან მის გარეშე.
სტატიის ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)
ფოტოს ავტორი: ფოტოებისა და გრაფიკული რესურსების ონლაინ პლატფორმა Freepik-ი