ირლანდიამ რუსეთი დაამარცხა, ბონუს ქულა აიღო და პირველ ადგილზეა | იაპონია 2019
ირლანდიამ რუსეთი დაამარცხა, ბონუს ქულა აიღო და პირველ ადგილზეა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ირლანდიის ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა და A ჯგუფში გალიდერდა.

წინა ტურში იაპონიასთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ირლანდიელებს აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდათ და დღევანდელ მატჩში თავიანთი უპირატესობა წუთითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ.

მატჩის საბოლოო ანგარიშია 35:0 და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ირლანდიელები სამოასთან 12 ოქტომბერს გამართავენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ადგილზე მყოფ იაპონიას ცხრა ქულა აქვს, თუმცა ირლანდიელებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 5 ოქტომბერს ტურნირის მასპინძლები სამოას დამარცხებით ლიდერობას დაიბრუნებენ.

რაც შეეხება შოტლანდიას, რომელსაც ჯერ ასევე ორი მატჩი აქვს ჩატარებული, ის 9 ოქტომბერს რუსეთს დაუპირისპირდება.