ირლანდია: ქრისტიანების დევნის შესახსენებლად, ეკლესიების და სახელმწიფო დაწესებულებების შენობები დღეს წითლად განათდება
ნოკის ეკლესიის შენობა, „წითელი ოთხშაბათის“ აღსანიშნავად, წითლად განათდება
მსოფლიოში ქრისტიანთა დევნის საზოგადოებისთვის შესახსენებლად, დღეს, საღამოს, ირლანდიაში ეკლესიების და სახელმწიფო დაწესებულებების შენობები წითლად განათდება.
413 მილიონზე მეტი ქრისტიანი დღეს ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც რელიგიის თავისუფლება უხეშად ირღვევა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 220 მილიონამდე ქრისტიანი დევნას უშუალოდ განიცდის.
საქველმოქმედო ორგანიზაციის, „დახმარება გაჭირვებაში მყოფ ეკლესიას“ (ACN), მონაცემებით, ექსტრემისტული ძალადობის, ავტორიტარული მმართველობებისა და რელიგიური ნაციონალიზმის გამო, ვითარება სულ უფრო მძიმდება.
პონტიფიკური ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შესწავლილი 18 ქვეყნიდან ნახევარზე მეტში ქრისტიანთა მდგომარეობა გაუარესდა.
კვლევა, რომელიც 2024 წლის აგვისტოდან 2026 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს, იმ ქვეყნებში შექმნილ მდგომარეობას აანალიზებს, სადაც ქრისტიანთა რელიგიური თავისუფლების დარღვევის ფაქტები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
ანგარიშის თანახმად, ხშირ შემთხვევაში, დევნა არა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ კონკრეტულ რეგიონებში მიმდინარეობს.
ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იძულებითი გადაადგილებაა დასახელებული. ქრისტიანები იმ ადამიანთა მასობრივი ნაკადის ნაწილს წარმოადგენენ, რომლებსაც, აფრიკასა და აზიაში კონფლიქტების გამო, საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ. ამ კონფლიქტების ნაწილს სწორედ რელიგიური მოტივი უდევს საფუძვლად.
ნიგერიაში იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის მილიონობით ქრისტიანია, ხოლო სუბსაჰარული აფრიკის ნაწილში ექსტრემისტული ძალადობის უწყვეტი ტალღა აჩენს საფრთხეს, რომ იძულებითმა მიგრაციამ, შესაძლოა, ამ რეგიონების რელიგიური შემადგენლობის შეუქცევადი ცვლილება გამოიწვიოს.

მამა პიტერ ევაოჩე ჯონსონი მეგობრებისა და თანაკლასელების გატაცებისა და მკვლელობის მომსწრე გახდა
მამა პიტერ ევაოჩე ჯონსონი ნიგერიელი კათოლიკე მღვდელია, რომელიც დუბლინის არქიეპარქიაში, კლონსკის, კილმაკუდისა და მაუნთ-მერიონის სამრევლოების ვიკარიუსად მსახურობს.
წარმოშობით ის ნიგერიის ოტუკპოს ეპარქიიდანაა, სადაც სემინარიელთა აღზრდა-განათლების სფეროში მუშაობდა და რელიგიური დევნისა და ძალადობის წინააღმდეგ ადვოკატირებას ეწეოდა.
მათი გავლენა უმნიშვნელო იყო, მაგრამ მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან ქვეყანაში ძალადობამ იმატა და სახელმწიფო პოლიტიკაც თანდათან შეიცვალა.
იყო შემთხვევები, როდესაც მამა ჯონსონი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა; მან საკუთარი თვალით იხილა მეგობრებისა და თანაკლასელების გატაცება და მკვლელობა; დაიღუპნენ ის სტუდენტებიც, რომლებსაც იგი სემინარიაში ასწავლიდა.
„ახლა ვითარება უკიდურესად გამწვავებულია, რადგან ამ ყველაფერში ტერორისტებიც ჩაერთნენ“, – განაცხადა მან.
ნიგერიაში უკვე უამრავი ადგილია, სადაც ცხოვრება, ისლამისტი ტერორისტების, „ისლამური სახელმწიფოსა“ (ISIS) და ადგილობრივი დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ გამო, უსაფრთხო აღარ არის, რაც, მამა ჯონსონის თქმით, „განათლებაზე უარს“ ნიშნავს.
„სიტუაცია სრულიად უმართავია. უამრავი ეკლესია გადაწვეს და გაანადგურეს. მასობრივი დაკრძალვების მომსწრეც გავხდი. ჩემს მშობლიურ შტატშიც კი ათასობით იძულებით გადაადგილებულ ადამიანზე გვიწევს ზრუნვა – ხალხზე, რომელსაც მომავალი თითქმის აღარ აქვს“.
იგი შექმნილ ვითარებას „აუტანელს“ და „შემზარავს“ უწოდებს.
მამა ჯონსონი ირლანდიაში 2017 წელს მეინუთის უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩავიდა, რომლის დასრულების შემდეგაც დუბლინის არქიეპარქიაში გარკვეული დროით მღვდელმსახურად დარჩენა სთხოვეს. თუმცა, მისი გული სამშობლოში რჩება, სადაც, ირლანდიაში თავისი მისიის დასრულების შემდეგ, აუცილებლად დაბრუნდება.
„ვიცი, რაც იქ ხდება და გული მიკვდება. თუმცა, მიხარია, რომ აქ ვარ, რადგან მისია აქაც მაკისრია. ბედნიერი ვარ, რომ აქაურ ქრისტიანებს ვემსახურები და როგორც ინდივიდს, საფრთხე არ მემუქრება“.
„არ მეშინია, რომ ღამით ტერორისტები მომადგებიან და რამეს დამიშავებენ. მაგრამ ესეც არ არის სრული სიმშვიდე, როცა შენი გული იქ [ნიგერიაში] არის და იცი, რომ ამ ყველაფერს სწორედ შენი დები და ძმები უმკლავდებიან“.
მთელ აფრიკასა და აზიაში ქრისტიანები იძულებულნი არიან, მასობრივად დატოვონ მიწები, სადაც ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
ACN-ის ანგარიშის თანახმად, მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში, კაბუ-დელგადუს პროვინციაში, 2017 წელს დაწყებული ისლამისტური ამბოხება ადგილობრივ თემებს ანადგურებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოკლულია დაახლოებით 1 000 ქრისტიანი. მათზე თავდასხმების დროს, ადგილი ჰქონდა თავის მოკვეთის შემთხვევებს, აგრეთვე ადამიანების გატაცებებს და ეკლესიებისა და საცხოვრებელი სახლების განადგურებას.
ანგარიშის მიხედვით, ისლამისტური დაჯგუფებები ბურკინა-ფასოსა და მალის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და იქ აქტიურად მოქმედებენ; ისინი ქრისტიანული თემების ნაწილს ისლამური ჩაცმულობისა და სოციალური წესების დაცვას აიძულებენ, ნაწილი კი მკვლელობებისა და იძულებითი გადაადგილების მსხვერპლი გახდა.
სხვა რეგიონებში ქრისტიანებზე ზეწოლას განსხვავებული ფორმა აქვს.
ამავე ანგარიშის თანახმად, ირანში, 12-თვიან პერიოდში, ქრისტიანთა დაპატიმრების შემთხვევები თითქმის გაორმაგდა.
ნიკარაგუაში ხელისუფლებასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის დაპირისპირებას სასულიერო პირთა დაპატიმრება და ქვეყნიდან გაძევება, ხელდასხმის შეზღუდვა და საეკლესიო დაწესებულებების ჩამორთმევა მოჰყვა.
კვლევაში გამოკვეთილი კიდევ ერთი პრობლემაა რელიგიური ნაციონალიზმის მზარდი გავლენა, განსაკუთრებით – აზიის ცალკეულ ნაწილებში.
ქრისტიანთა დევნის საკითხისადმი ევროკავშირის მიდგომა კრიტიკის საგნად იქცა, თუმცა, ბოლო პერიოდში, საპასუხო ზომების მისაღებად, ბრიუსელის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.
ყოფილი ევროკომისარი, მაირიდ მაკგინესი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების (FoRB) ხელშეწყობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
მისი დანიშვნით ერთწლიანი ვაკანსია დასრულდა, ამასთან, ზოგიერთი წინამორბედისგან განსხვავებით, მას რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის ინსტიტუციური გამოცდილება აქვს.
2017-2020 წლებში, ევროპარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, მაკგინესი, ევროკავშირის ხელშეკრულებების მე-17 მუხლის შესაბამისად, ეკლესიებთან, რელიგიურ გაერთიანებებთან და ჰუმანისტურ ორგანიზაციებთან ოფიციალური დიალოგის წარმართვაზე იყო პასუხისმგებელი.
დღეს დილით, დუბლინში, ACN-ის ანგარიშს ის ოფიციალურად წარადგენს.