ირლანდია: დუბლინის უნივერსიტეტის მკვლევრები მთვარის გრუნტიდან ჟანგბადის მოპოვებაზე მუშაობენ
16:39, 10.10.2026
სავსე მთვარე. გადაღებულია 2025 წლის 7 სექტემბერს, შანხაიში, მთვარის სრული დაბნელების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე / ფოტოს ავტორი: ჰექტორ რეტამალი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
სავსე მთვარე. გადაღებულია 2025 წლის 7 სექტემბერს, შანხაიში, მთვარის სრული დაბნელების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე / ფოტოს ავტორი: ჰექტორ რეტამალი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
დუბლინის უნივერსიტეტის მკვლევრები სწავლობენ, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ჩიპების დამზადებისას გამოყენებული ტექნოლოგიების დახმარებით მთვარის ნიადაგიდან ჟანგბადის მიღება.
ეს გადაჭრიდა მთვარის ბაზების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას – როგორ მოიპოვონ ჟანგბადი და სხვა აუცილებელი რესურსები უშუალოდ მთვარეზე, დედამიწიდან მათი მუდმივი მიწოდების გარეშე.
ჟანგბადის მოპოვების ამჟამად არსებული მრავალი მეთოდი, მინერალებში შეკავშირებული ჟანგბადის გამოსაყოფად, დაახლოებით 1 000–1 700°C-მდე გაცხელებას საჭიროებს. ასეთი მაღალი ტემპერატურის მიღწევა და შენარჩუნება კი მთვარის ბაზის პირობებში ამ მეთოდების გამოყენებას ართულებს.
დუბლინის უნივერსიტეტის მკვლევრები, დოქტორ რაჯანი ვიჯაიარაღავანის ხელმძღვანელობით, მუშაობენ ჟანგბადის მოპოვების ისეთ ტექნოლოგიების შექმნაზე, რომელთა გამოყენებაც 400°C-ზე დაბალ ტემპერატურაზეც შეიძლება. ამან, შესაძლოა, მთვარის ბაზებზე ჟანგბადის მიღება გაამარტივოს.
დუბლინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს დოქტორი რაჯანი ვიჯაიარაღავანი (Rajani Vijayaraghavan) ხელმძღვანელობს
„მთვარის ბაზებზე ჟანგბადი მხოლოდ სუნთქვისთვის არ არის საჭირო“, – აცხადებენ დუბლინის უნივერსიტეტში.
მკვლევართა განმარტებით, მომავალში მთვარის მისიებს ჟანგბადი, შესაძლოა, რაკეტის საწვავის წარმოებისთვისაც დასჭირდეთ. ამიტომ, ის მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რესურსია.
პროექტში მონაწილეობენ დუბლინის უნივერსიტეტისა და „ევროპის კოსმოსური სააგენტოს“ (ESA) მკვლევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.
სტატიის ავტორი: ბრაიან ო’დონოვანი, ირლანდიის ტელე-რადიომაუწყებელი (RTE – Raidió Teilifís Éireann)
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი, 2026 წელი, 01:30 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)