ირლანდია ჩემპიონია! | 6 ერი - მე-4 ტური (ვიდეო)
ირლანდია ჩემპიონია! | 6 ერი - მე-4 ტური (ვიდეო)

ექვსი ერის მეოთხე ტურში ყველაფერი გაირკვა. ყველაფერი ერთი რამის გარდა – მოიგებს თუ არა ირლანდია ტურნირს “გრანდ სლემით”.

“მწვანეებმა” შინ შოტლანდია მარტივად, 28:8 დაამარცხეს. სტოქდეილმა დუბლი პირველივე ტაიმში შეასრულა და მასპინძლებს გამარჯვებაში მთელი მატჩის მანძილზე ერთი წამითაც არ შეჰპარვიათ ეჭვი. შოტლანდია კვლავ ცდილობდა გაშლილი და ლაღი რაგბი ეთამაშა. ისინი ამის გამო დაისაჯნენ კიდეც.

ირლანდიელთა გამარჯვების შემდეგ ტურნირის მოგების შანსის შესანარჩუნებლად ინგლისელებს სტუმრად, საფრანგეთში, ბონუს ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ, მაგრამ მასპინძლები სხვაგვარად ფიქრობდნენ.

მაქსიმ მაშნო

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და სტუმრები ბოლომდე ინარჩუნებდნენ გამარჯვების მოპოვების შანსს. ბოლო წუთებზე მათ ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდეც შეამცირეს,  მაგრამ მაშნომ კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულა ზუსტად და ფრანგებმა კომფორტული, 6 ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს (22:16).

ამ შედეგმა ირლანდიელებს ოფიციალურად მოუტანა ექვსი ერის ჩემპიონის ტიტული, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა ისინი მხოლოდ ამით დაკმაყოფილდნენ.

ირლანდიელთა კაპიტანმა, რორი ბესტმა მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა –

“გრანდ სლემი (ტურნირის ყველა მატჩის მოგება) ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა იმ პოზიციაში ვართ, რომ ყველაფრის მოგება შეგვიძლია. თანაც ტვიკენჰემზე ვითამაშებთ ინგლისის წინააღგმდეგ. მე გამიმართლა, რომ გუნდის კაპიტანი ვარ, შემადგენლობაში სხვა ძლიერი ლიდერებიც გვყავს.”

შედეგით გაწბილებულია ინგლისელთა ავსტრალიელი დამრიგებელი ედი ჯონსი –

ედი ჯონსი

“ჩვენ სიახლეებს ნელა ვითვისვებთ  და არ ვარ დარწმუნებული თუ რატო ხდება ასე. თამაში იცვლება, რაქების მოგება ახლა უფრო მარტივია, ჩვენ კი მსაჯების ინტერპრეტაციებს ვერაფერი გავუგეთ. ამ პრობლემას აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ, თუმცა ეს გარკვეულ დროს წაიღებს.”

ირლანდიელი გულშემატკივრისათვის ინგლისელთა სტუმრად დამარცხებით მოპოვებულ “გრანდ სლემს” განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, დასკვნითი ტურის ცენტრალურ შეხვედრას თან საკმაო ინტრიგა ახლავს.

ტურის ბოლო დაპირისპირებაში უელსმა, რომელსაც ჩემპიონობის შანსი აღარ ჰქონდა, “ფრინსიფალიტიზე” იტალიას უმასპინძლა და მეტოქე ტრადიციულად იოლად დაამარცხა – 38:14.

ჯორჯ ნორსი

მატჩის გმირი ჯორჯ ნორსი იყო. მან დუბლი გაიფორმა და 2017 წლის ნორსი გაგვახსენა, რომელიც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეზე საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა.

ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

 

დატოვე კომენტარი